Jump to content
Planeta.Ge

რა ვიცით მოსამართლეებზე, რომლებიც დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს განიხილავენ


პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს ყველაზე ხშირად ექვსი მოსამართლე განიხილავს: კობა ჩაგუნავა, ლელა მილდენბერგერი, ლელა ცაგარეიშვილი, ზვიად ცეკვავა, ნინო ენუქიძე და მანუჩარ ცაცუა. ამ სტატიაში მათ შესახებ მოგიყვებით.

28 ნოემბრიდან დღემდე შსს-მ ადმინისტრაციული წესით აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა. მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. ამ დარღვევებზე გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმა, სიტყვიერი გაფრთხილება ან თხუთმეტდღიანი პატიმრობა. სასამართლო პროცესებზე მიყვანილთა უმრავლესობა ნაცემია, მათ სახეზე ძალადობის კვალი და ტანსაცმელზე სისხლი სასამართლო პროცესებზეც ეტყობოდატ.

მანუჩარ ცაცუა

მანუჩარ ცაცუა, მოსამართლე
მანუჩარ ცაცუა, მოსამართლე

„რა გინდოდათ იმ აქციაზე, რატომ მიხვედით იმ აქციაზე, სადაც ისმის "დაიშალეთ"? - ჰკითხა მოსამართლე ჩაჩუამ ერთერთ დაკავებულს.

"უკლებლივ ყველას, ვინც ჩემმა ძმამ გაგასამართლათ, ჩემი დიდი ტკივილი ხართ და პატიებას გთხოვთ!" - დაწერა მოსამართლის დამ ფეისბუკზე.

მანუჩარ ცაცუამ 28 ნოემბრიდან დღემდე ათობით საქმე განიხილა და არცერთზე არ გამოუტანია გამამართლებელი განაჩენი.

მოსამართლედ 2014 წელს დაინიშნა, 2017 წლიდან კი უვადოდ გამწესდა.

ცაცუამ განიხილა გასული წლის მარტში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა საქმეებიც.

„კონვეირივით ყველას ერთი მოსამართლე მანუჩარ ცაცუა გვასამართლებს. რასაც მედავებიან, გინებასა და წინააღმდეგობის გაწევას, ვიდეომტკიცებულებები მაქვს, რომ პოლიციელი აქეთ მაგინებს და საერთოდ წინააღმდეგობა არ გამიწევია. აქეთ აქვს შსს-ს დანაშაული ჩადენილი და მე დამაჯარიმეს 4200 ლარით... ეს არის უსამართლობის პიკი“. - დაწერა მარტის აქციების დროს დაკავებულმა სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ნარსიამ, რომელიც მოსამართლე ცაცუამ 4200 ლარით დააჯარიმა.

მანუჩარ ცაცუას პროფესიული კარიერა ადვოკატ-პროკურორ-მოსამართლის პროფესიის გარშემო ტრიალებს. 1999 წელს პროფესიულ-ტექნიკური კოლეჯის დასრულების შემდეგ მან ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლა. დაამთავრა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდები.

2006 წელს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში კურიერად, შემდეგ მცხეთისა და თბილისის სასამართლოებში სხდომის მდივნად. 2012-2013 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას, რის შემდეგაც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მაგისტრ მოსამართლედ დაინიშნა. იქიდან მივლინებით ალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოშიც მუშაობდა.

2019 წელს ჯერ ზუგდიდის სასამართლოდან მცხეთაში გადაიყვანეს, მცხეთიდან კი - თბილისში. ამის შემდეგ მოსამართლე ცაცუას ხელში საარჩევნო დავებიც ხვდება.

2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია GDI კვლევაში სახელწოდებით „მოსამართლეთა წინასაარჩევნო მიგრაცია“ წერდა, რომ მოსამართლეთა გადაადგილება სასამართლოებში განსაკუთრებით გახშირებული იყო 2019 წლის მაისიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში და პროცესი არჩევნებამდე 3 თვით ადრე დასრულდა.

„ეს ფაქტი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ პერიოდში მოსამართლეთა გადაადგილება, შესაძლოა, სწორედ მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდებოდეს. ეს პროცესები 1 წლით ადრე, შესაძლოა, „კვალის დაფარვის“ მიზნით დაიწყო, რათა შემდგომში, მოსამართლეთა გადაადგილების დაკავშირება არჩევნების პერიოდთან, მაქსიმალურად აერიდებინათ“, - ნათქვამია კვლევაში.

მანუჩარ ცაცუას დაეწერა 2021 წელს პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ საჩივარი, რომელიც კრწანისის ოლქში პროპორციული საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვდა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რის საფუძველზე უნდა ეცნოთ გასაჩივრებული აქტები ბათილად და, რომ დარღვევა არჩევნებზე გავლენას ვერ მოახდენდა.

მანუჩარ ცაცუას უკავშირდება ე.წ. შმაქსისტების საქმეც, რომელსაც ტაქსისთან მიმსგავსებული ტრაფარეტის გამოყენებას ედავებოდნენ. მოსამართლემ „შმაქსისტებისთვის“ დაკისრებული ჯარიმები ძალაში დატოვა.

 

„შმაქსი“ ტაქსების რეგულაციის პარალელურად პარტია „გირჩმა“ შექმნა და ის მგზავრებს სასურველ ადგილას მიყვანასთან ერთად „საღ აზრსა და სწორ მორალს“ სთავაზობდა.

2021 წელს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული სამი ადამიანის საქმეზეც ცაცუამ მიიღო გადაწყვეტილება. ისინი მრგვალ ბაღთან არასრულწლოვანებს ფერადი მაისურის გამო გაეკიდნენ. დაკავებულ პაატა გურჩიანსა და სოსო გერლიანს ცაცუამ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. აკაკი ნაკაშიძეს 2300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

უფრო მკაცრია მისი მიდგომა 28 ნოემბრიდან მიმდინარე პროევროპულ აქციაზე დაკავებული ნაცემი დემონსტრანტების წინააღმდეგ. აჯარიმებს ან მინიმუმ 5-დღიან პატიმრობაში უშვებს მათ, ვისაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ან გზის გადაკეტვას, ან პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, რასაც, როგორც წესი, წვრილმანი ხულიგნობის მუხლსაც უმატებს - „იგინებოდა უმისამართოდ და არღვევდა წესრიგს“, - ასეთია შსს-ს არგუმენტაცია.

მოსამართლე გადაწყვეტილებას მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე იღებს და არ ინტერესდება სხვა ფაქტობრივი გარემოებებით. ერთ-ერთ პროცესზე მან თქვა, რომ უყურებს საინფორმაციო გადაცემებს, იცის რა ხდება რუსთაველზე და მისთვის იქ მიმდინარე აქცია „ძალადობრივია“.

„რა გინდოდათ იმ აქციაზე, რატომ მიხვედით იმ აქციაზე, სადაც ისმის "დაიშალეთ". კონსტიტუციური უფლება აქვთ სამართალდამცველებს, თუ აქცია მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, შეწყვიტოს შეკრებაო... ვხედავთ ქვების სროლას, პიროტექნიკის გამოყენებას... თქვენ დგახართ ამ ხალხის გვერდზე და უმაგრებთ მხარს... თუ ადამიანი დგას იქ, ე.ი. მასა ჩანს. მასას ქმნიან, რა მასას ქმნიან? ძალადობის სახე რომ გამოიხატოს?“, - ეკითხება მანუჩარ ცაცუა დაკავებულებს სასამართლო პროცესებზე.

მოსამართლის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს მისი და ელენე ცაცუა. ის ფეისბუკის საჯარო პოსტით „ძმის ხელით გასამართლებულებს“ „პატიებას სთხოვს“.

„დღეს გაუსაძლისია იმის ყურება, როცა შენ ერთ მხარეს ხარ, შენი ძმა მეორე მხარეს! ასე დაყო და დაანაკუწა რეჟიმმა ,,ოჯახის სიწმინდე!“ მე დადუმებული ვარ იმ ფაქტით რაც ხდება, ჩემი ჯანმრთელობა უკვე შეწირულია ამ ყველაფრის გამო და ფაქტიურად ვარ უმძიმეს სულიერ მდგომარეობაში! ამიტომ უკლებლივ ყველას, ვინც ჩემმა ძმამ გაგასამართლათ, ჩემი დიდი ტკივილი ხართ და პატიებას გთხოვთ! ეს არაა გამოსავალი, მაგრამ იცოდეთ ბევრი ვიბრძოლე იმისთვის, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო!“, - დაწერა ელენე ცაცუამ, რომელიც მონაწილეობს პროევროპულ დემონსტრაციებში, წერს ვიდეოებს და პოზიციას შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ამ ფორმითაც გამოხატავს.

 

მოსამართლის რადიო თავისუფლებას ინტერვიუზე უარი უთხრა, ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტით ყველაფერია ნათქვამიო: „ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ბოროტების მხარეზე მდგომი, გზააბნეული ოჯახის წევრებიც დავიხსნათ სამშობლოსთან ერთად, ისინი, ვინც ძალიან გვიყვარს, მაგრამ სისტემამ წაგვართვა“.

2024 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მანუჩარ ცაცუას ჰყავს ცოლი და ერთი შვილი, რომლის სწავლაშიც ყოველწლიურად 8289 ლარს იხდის. მისი ყოველწლიური შემოსავალი 85513,44 ლარია, ფლობს ბინას თბილისში და სამემკვიდრეო ნაკვეთებს ხონში.

ლელა მილდენბერგერი

 

ლელა მილდენბერგერი, მოსამართლე
ლელა მილდენბერგერი, მოსამართლე

ლელა მილდენბერგერი გამორჩეულად მკაცრი მოსამართლეა. ის ხშირად მართავს დიალოგს პროცესზე დამსწრეებთან, აკონტროლებს მათ რეაქციას, მიმიკებს, გაღიმებას თუ ჩაცინებას, გადალაპარაკებას და თუ რაიმე არ მოეწონა, „სასამართლოს პატივისცემისკენ“ მოუწოდებს. ის განიხილავს გზის გადაკეტვისა და პოლიციელისადმი წინააღმდეგობის საქმეებსაც.

ლელა მილდენბერგერი მოსამართლეობამდე წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის ლექტორი იყო. ამავე უნივერსიტეტში დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი. 2007 წელს ჩააბარა ადვოკატების საკვალიფიკაციო გამოცდა, ამ დროს არასამთავრობო ორგანიზაცია „საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე იყო დასაქმებული.

სასამართლოში კარიერა 2008 წელს სააპელაციო სასამართლოში სხდომის მდივნის პოზიციიდან დაიწყო, იყო მოსამართლის თანაშემწეც. 2018 წელს დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ, ე.წ. წინასაარჩევნო მიგრაციის დროს საქალაქო სასამართლოში გადმოიყვანეს. 2020 წლიდან გამწესდა უვადოდ.

ის იყო ერთ-ერთი იმ ოთხი მოსამართლიდან, რომლებმაც ანტიკორუფციული სააგენტოს გადაწყვეტილება გააუქმეს - მოსამართლეების: ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის ქონების შემოწმების შესახებ.

2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს. კომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის კრიტერიუმების გამოყენებით.

 

სია არასამთავრობოების მონაწილეობით შედგა. შემოწმებისთვის შერჩეულმა მოსამართლეებმა ისინი მიკერძოებაში დაადანაშაულეს და მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ცაცუას მსგავსად, მილდენბერგერის ყოველწლიური შემოსავალი, რომელიც მოსამართლედ საქმიანობაში ერიცხება, 85513,44 ლარია. გასულ წელს უძრავი ქონების გაყიდვით 66 000 ლარის შემოსავალი მიიღო.

ზვიად ცეკვავა

 

ზვიად ცეკვავა, მოსამართლე
ზვიად ცეკვავა, მოსამართლე

აქციაზე დაკავებული აქტივისტების საქმეებს განსაკუთრებული სისწრაფით განიხილავს მოსამართლე ზვიად ცეკვავა, მას ჯარიმის გამოსაწერად ნახევარი საათიც არ სჭირდება, დრო მხოლოდ მაშინ ეწელება, თუ რამდენიმე საქმეს აერთიანებს.

ზვიად ცეკვავა 2024 წელს 3 წლის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა მოსამართლედ. მანამდე იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში. მისი სამოსამართლო კარიერა 2012 წლიდან იწყება.

ისწავლა კავკასიის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. მოსამართლეობის კონკურსში იუსტიციის საბჭომ 100-დან 89 ქულა დაუწერა.

ზვიად ცეკვავამ დააჯარიმა ბექა ყორშია 2200 ლარით, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო სხდომის დარბაზიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა, ამავე მოტივით დააჯარიმა ადვოკატი თეონა ზაქაშვილი, რომელიც მოითხოვდა დაეკითხათ მოწმეები - ისინი დანაშაულის არარსებობას დაამტკიცებდნენ. 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა დაკავებისას სასტიკად ნაცემ ზვიად რატიანს, რომელიც სასამართლოს დარბაზში საავადმყოფოდან მიიყვანეს, სასამართლოდან კი პირდაპირ იზოლატორში.

 

ლელა ცაგარეიშვილი

 

ლელა ცაგარეიშვილი, მოსამართლე
ლელა ცაგარეიშვილი, მოსამართლე

4 დეკემბერს, 20 წლის საპროტესტო აქციაზე დაკავებისას ნაცემი ახალგაზრდა სასამართლოს შენობიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. სასამართლო პროცესს, რომელზეც მისი ჯანმრთელობა გაუარესდა, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი უძღვებოდა. მან სხდომა არ გადადო, შესვენება გამოაცხადა და პირობა დადო, რომ 112-ს გამოიძახებდა. ადვოკატ დიმიტრი ნოზაძის თქმით, მოსამართლემ მოიტყუა. მას თავად მოუწია სასწრაფო დახმარების გამოძახება.

ცაგარეიშვილი სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა იმ დაკავებულის მიმართ, რომელმაც პროცესზე მოინანია და თქვა, რომ „ხმა არჩევნებზე მშვიდობას და კეთილდღეობას“ მისცა.

ლელა ცაგარეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობა მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე 2015 წელს დაიწყო, მოსამართლედ 2020 წელს გაამწესეს, უვადოდ - 2023 წლიდან. მოსამართლის კარიერამდე 5 წლის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში მუშაობდა.

ცაგარეიშვილმა განიხილა გასული წლის მარტის აქციებზე დაკავებულების საქმეებიც, მათ შორის დააჯარიმა გუკა რჩეულიშვილი და ბუკა პეტრიაშვილი.

„მოსამართლის მხრიდან მიკერძოება ცხადი იყო: არ მაძლევდა კითხვების დასმის შესაძლებლობას, როცა ხედავდა, რომ პოლიციელი ვერ პასუხობდა შეკითხვას, ან მათი მხრიდან სიცრუე გამოაშკარავდა, მაწყვეტინებდა კითხვას თავისი ინიციატივით“, - ამბობდა პეტრიაშვილის ადვოკატი გიორგი ტაბატაძე „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივიდან“.

2021 წელს გენერალურ პროკურატურასთან, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ოთხი სამოქალაქო აქტივისტის - ბექა პაპაშვილის, ზურაბ ბერძენიშვილის, პაატა ხარატიშვილისა და ტიტე გედენიძის საქმეებიც ლელა ცაგარეიშვილმა განიხილა. ამ ოთხიდან მხოლოდ ბექა პაპაშვილის მიმართ შეწყდა სამართალწარმოება, დანარჩენები პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო 2000 ლარით დაჯარიმდნენ.

2021 წლის 10 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ოთხი დაკავებულიც ცაგარეიშვილმა ცნო სამართალდამრღვევად. სამი პატიმრობაში გაუშვა, ერთს კი 2000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.

მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ პატრულ-ინსპექტორის ჩვენებას და სამართალდარღვევის ოქმებს.

კობა ჩაგუნავა

კობა ჩაგუნავა, მოსამართლე
კობა ჩაგუნავა, მოსამართლე

მოსამართლე ჩაგუნავამ შეუფარდა 8-დღიანი პატიმრობა ისაკო დევიძეს,19 ნოემბერს მელიქიშვილზე, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავებულ ახალგაზრდას; 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერს ნიკა გვარამიას, რომელიც 4 დეკემბერს პარტიის ოფისის ჩხრეკისას დააკავეს.

ჩაგუნავა 2020 წელს დაინიშნა მოსამართლედ, ხოლო 2023 წელს გამწესდა უვადოდ. მოსამართლეობამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე.

სასამართლო კარიერა 2011 წელს მცხეთიდან დაიწყო. ფოთისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი იყო. საქალაქოში სააპელაციოდან 2020 წელს გადავიდა.

„სასამართლო გუშაგის“ მიერ სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმის შესახებ მომზადებულ ანგარიშში კობა ჩაგუნავაც მოხვდა.

ორგანიზაციის ანგარიშში წერია, რომ მოსამართლე რევაზ ნადარაიას სახელს უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულის კობა ჩაგუნავას კარიერული წინსვლა. კობა ჩაგუნავა ნადარაიას თანასოფლელია.

ნაზი ჯანეზაშვილი, „სასამართლოს გუშაგი“
ნაზი ჯანეზაშვილი, „სასამართლოს გუშაგი“

„მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესოა ის, რომ ნადარაია როდესაც ფოთის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა, კობა ჩაგუნავაც ამავე სასამართლოს მენეჯერი იყო;

როდესაც ნადარაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა, კობა ჩაგუნავაც ამავე წელს გადმოვიდა ამავე სასამართლოში;

ხოლო, როდესაც ნადარაია გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე, კობა ჩაგუნავამაც ამავე სასამართლოში, ამავე პალატაში დაიწყო კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობა.

ვინაიდან ჩაგუნავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (რომლის წევრიც ნადარაიაც არის) გადაწყვეტილებით, სკოლის მსმენელი გახდა, არ არის გამორიცხული, ჩაგუნავა უახლოეს მომავალში საბჭომ მოსამართლედ დანიშნოს, რადგან სკოლის დამთავრება მოსამართლედ დანიშვნის წინაპირობაა“, - თქვა „სასამართლო გუშაგის“ დამფუძნებელმა ნაზი ჯანეზაშვილმა კვლევის გასაჯაროების შემდეგ.

ამავე კვლევის მიხედვით, კობა ჩაგუნავას და, სოფიკო ჩაგუნავაც სასამართლო სისტემაში მუშაობს. ის 2015 წლიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტია. იქამდე მხოლოდ ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და სასამართლოში არასოდეს უმუშავია.

 

ისაკო დევიძე
ისაკო დევიძე

„ქართული სასამართლო სისტემა არ უნდა იყოს ადგილი და სახლი უსამართლობისთვის. არ უნდა იყოს სახლი და თავშესაფარი ისეთი მოსამართლეების, როგორიც არის კობა, გვარი თუ სწორად მახსოვს, ჩაგუნავა. ის არის მაგალითი დასანქცირებული მოსამართლეების და ის არის ადამიანი, რომელიც დადის მოსხმული ჭაობით. ეს ჭაობი უნდა დავასრულოთ“, - თქვა გათავისუფლების შემდეგ ისაკო დევიძემ, ახალგაზრდამ, რომელმაც იზოლატორში 8 დღე იშიმშილა.

კობა ჩაგუნავამ 8-დღიანი პატიმრობა დევიძეს, 19 ნოემბერს მელიქიშვილზე, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავების შემდეგ შეუფარდა.

მოსამართლე ჩაგუნავამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ნიკა გვარამიას. პოლიტიკოსი 4 დეკემბერს დააკავეს კოალიციის ოფისთან, რა დროსაც იქ შსს-ს წარმომადგენლები ჩხრეკას ატარებდნენ. გვარამიას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებოდნენ.

 

ნიკა გვარამია მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ისე გადაიყვანეს საქალაქო სასამართლოში, რომ ადვოკატებს არ შეატყობინეს. მოსამართლემ მათ გარეშე გახსნა სხდომა, რომელიც მას შემდეგ შეწყდა, რაც ადვოკატი თავად გვარამიამ მოითხოვა.

კობა ჩაგუნავამ გააუქმა ორი წლის წინ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების გამო გამოწერილი ჯარიმა. 2022 წლის იანვარში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისას მისი კადრების გასაჯაროების გამო სახელმწიფო ინსპექტორმა კანონდამრღვევად ცნო პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო და ორივე მათგანს გავრცელებული ვიდეომასალის წაშლა დაავალა. სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა კადრები არ წაშალეს და გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.

კობა ჩაგუნავამ განიხილა დაკავების დროს სასტიკად ნაცემი „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერის დავით ქაცარავას საქმეც და მას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

 

შსს ამტკიცებდა, რომ 14 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე, ქაცარავამ წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინა და პოლიციელის მოთხოვნას არ დაემორჩილა.

ნინო ენუქიძე

ნინო ენუქიძე, მოსამართლე
ნინო ენუქიძე, მოსამართლე

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძე იუსტიციის საბჭოს მოსამართლედ უვადოდ 2024 წლის მაისში დაინიშნა, კიდევ 20 მოსამართლესთან ერთად. მისი კარიერა სასამართლოში 2009 წელს სააპელაციო სასამართლოდან იწყება, სადაც სამოქალაქო საქმეთა პალატის სტაჟიორი იყო. მოსამართლედ დანიშვნამდე საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნისა და მოსამართლის თანაშემწის თანამდებობებს იკავებდა.

ენუქიძე განიხილავდა სხვა მოსამართლეებთან ერთად მაისში ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციებზე დაკავებულების საქმეებსაც. მან დააჯარიმა 1000 ლარით ალექსანდრე სამხარაძე - 29 წლის კაცი, რომელიც „აგენტების კანონზე“ ვეტოს დაძლევის შემდეგ ამ კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს მონას, ვირთხებს და უცენზურო სიტყვებს ეძახდა. საქმეში მტკიცებულებად მისივე გადაღებული ვიდეოკადრები იდო.

"მოსამართლეები ეუბნებოდნენ, რომ წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მათ არ ეხებოდათ"

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მოსამართლეები, რომლებიც დაკავებულების საქმეებს განიხილავენ, აგრძელებენ მათი უფლებების დარღვევას საგამოძიებო ორგანოების შემდეგ სასამართლო დარბაზებში, ყურადღებას არ აქცევენ სასამართლოს გადადების შუამდგომლობებს, უგულებელყოფენ ვიდეომტკიცებულებებსა და პოლიციის ჩვენებებს შორის შეუსაბამობებს, არ ითვალისწინებენ დაკავებულების ფიზიკურ მდგომარეობას და არ აძლევენ უფლებას სხდომაზე მოჰყვნენ, როდის მიიღეს დაზიანებები.

„მოსამართლეები და ქართული მართლმსაჯულება უკანონო პატიმრობაში მოქალაქეთა გაშვებისას ეყრდნობოდა საბჭოთა კავშირის დროს, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ კოდექსს, რომელიც არ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების სტანდარტებს და გარანტიებს.

მოსამართლეები აშკარად ხედავდნენ, რომ დაკავებულები არიან ნაცემები, ნაწამები, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და არ ინტერესდებოდნენ, სად და რა პირობებში მოხდა მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება. უფრო მეტიც, როდესაც დაზარალებული იწყებდა საკუთარი ისტორიების მოყოლას, მოსამართლეები მათ აჩუმებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მათ არ ეხებოდათ...“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია, „ჩემი ხმა ევროკავშირს“
ნინო ლომჯარია, „ჩემი ხმა ევროკავშირს“

ასეთ ფაქტებს სასამართლო პროცესზე რადიო თავისუფლებაც შეესწრო. მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა რამდენჯერმე განმარტა, რომ ამ პროცესებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას განიხილავს, პოლიციელის მხრიდან ძალადობის შემთხვევაში კი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უნდა მიმართონ:

„კატეგორიულად ვგმობ ძალადობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ის და ვწუხვარ ამის გამო, გულწრფელად“, - თქვა მილდენბერგერმა, როდესაც მის წინაშე სისხლიანი ტანსაცმლით და სახეზე ფიზიკური ანგარიშსწორების კვალით იდგა ბრალდებული გიორგი ხაჭაპურიძე და ეუბნებოდა რომ დაკავებისას სასტიკად სცემეს.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...