დიმიტრი ცქიტიშვილი - მითია, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციასთან „ჩააწყობენ“
იქნება უფრო მკაცრი სანქციები და „მაგნიტსკის სიაში“ კონკრეტული ადამიანების შეყვანა - სტრატეგიული თანამშრომლობის შეჩერება, დარწმუნებული ვარ, კოორდინირებულად მოხდა ახალ და მომავალ ადმინისტრაციებს შორის, ამიტომ მითია, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციასთან „ჩააწყობენ“,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20 მოქალაქისთვის, მათ შორის მაღალჩინოსნებისთვის, სავიზო შეზღუდვების დაწესებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სანქციები იმ საერთაშორისო ზეწოლის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებაზე არჩევნების მოპარვის გამო ხორციელდება.
„სანქციები ერთ-ერთი ნაწილია იმ საერთაშორისო ზეწოლის, რომელიც ხორციელდება ხელისუფლებაზე იმის გამო, რომ მოიპარა არჩევნები, ქვეყანაში სისტემური კრიზისია და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევები. ეს ერთ-ერთი ნაწილია იმ დიდი გადაცდომა-დანაშაულის, რომელსაც ხელისუფლება ჩადის. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ესეც ერთ-ერთი კომპონენტია. ეს განცხადება არ არის ერთადერთი და მასში ნათქვამია, რომ მხოლოდ ნაწილია და მიმდინარეობს მუშაობა დანარჩენზე. იქნება უფრო მკაცრი სანქციები, „მაგნიტსკის სიაში“ კონკრეტული ადამიანების შეყვანა, რაც გვარების გამოცხადებას გულისხმობს, ვიზების შემთხვევაში, შეიძლება ეს არც გამოცხადდეს და ვერც გავიგოთ, ვინაა სიაში შეყვანილი. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ მთელი მთავრობა და სხვა ოფიციალური პირები არიან, მაგრამ „მაგნიტსკის სია“ უფრო ფუნდამენტური საკითხია“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, სადამდე შეიძლება მივიდეს ამერიკის შეერთებული შტატების ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებით, ცქიტიშვილი ამბობს, რომ ეს „ქართული ოცნების“ ქმედებებზეა დამოკიდებული.
„დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევა ხელისუფლება და რამდენად გაიაზრებს იმას, თუ რა ხდება ქვეყანაში და რომ როგორც ადგილობრივი, ისე საგარეო ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს. განცხადებაში [აშშ-ის] არსად საქართველოს მთავრობა არაა ნახსენები, ოფიციალური პირები ნახსენებია მხოლოდ როგორც „ქართული ოცნება“. რეალურად მათ საკუთარი თავიც კრიზისში შეიყვანეს. სამწუხაროდ, სახელმწიფოც პოლიტიკურ და სისტემურ კრიზისშია, რაც გადაულახავია ასეთი ფორმებით, რასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს. პროტესტის იგნორირება, თითქოს ეს მილევადია, კრიზისიდან არ გამოიყვანს ქვეყანას. შეიძლება, პროტესტმა სახე იცვალოს, მაგრამ იმ წინააღმდეგობაზე თვალის დახუჭვით და ზურგის შექცევით, რომელმაც აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ჯიუტად ამბობს, რომ უსამართლოა ქვეყანაში მდგომარეობა, სიღრმისეული კრიზისი არ გვარდება, ანუ, ქვეყანაში მოსახლეობისგან მანდატი არ აქვს ხელისუფლებას, რომელსაც უნდა, რომ ეს ქვეყანა მართოს. პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის, მათი ჯიუტი პროტესტის დამსახურებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ, პრაქტიკულად ერთსულოვნად აღიარა, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმაცია არ შეიძლება იქნას აღიარებული“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ განცხადებებს, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადაიტვირთება, ცქიტიშვილი ამბობს, რომ ეს მითია.
„ამერიკა არ არის დამოკიდებული პიროვნებებზე, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ პროცედურულად ამერიკის შეერთებული შტატები იმყოფება გარდამავალ პერიოდში, როდესაც მოქმედი და მომავალი ადმინისტრაციები კოორდინირებულად მუშაობენ. რუტინულ საკითხებში მომავალი ადმინისტრაცია არ ერევა, მაგრამ ეს არ არის რუტინული, ეს არის ფუნდამენტური პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მათ შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეჩერება. დარწმუნებული ვარ, ეს კოორდინირებულად მოხდა ახალ და მომავალ ადმინისტრაციებს შორის. ამიტომაა, რომ სახელდებიან კონკრეტული ადამიანები, რათა მათთან ერთად მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება. ძველი ადმინისტრაცია ახალთან შეუთანხმებლად პრინციპულ გადაწყვეტილებებს არ იღებს. ამიტომ მითია, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციასთან „ჩააწყობენ“ - ასე არ ეწყობა ამერიკასთან. ამერიკას პროცედურული დემოკრატია აქვს. თუ სისტემამ ადამიანის უფლებების დარღვევა ცნო, პროცესი წარიმართება იმის მიუხედავად, ვინ იქნება ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ტრამპის ადმინისტრაციის მოლოდინი არის მითი, რათა დრო მოიგონ, თავისიანები დაარწმუნონ, რომ ყველაფერი კარგადაა - სინამდვილეში, არაფერი არაა კარგად მათთვის. 20 იანვრისთვის ცდილობენ, ახალი რეალობა დაახვედრონ ტრამპის ადმინისტრაციას“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.