ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა იზრდება, ტრანსპორტით გზის გადაკეტვა ჯარიმის გარდა, 1 წლით მართვის უფლების შეჩერებასაც გამოიწვევს - მანიფესტაციებისას ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 5 000 ლარამდე, ორგანიზატორებისთვის კი 15 000-მდე იზრდება
ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება. პასუხისმგებლობა მკაცრდება სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებაზე, რაზეც ამჟამად მხოლოდ 1 000 ლარიანი ჯარიმაა. ასევე, შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება, ხოლო ორგანიზატორების შემთხვევაში 5 000 ლარიდან - 15 000 ლარამდე.
გარდა ამისა, შსს-ს უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე 2 000-ლარიანი ჯარიმა წესდება.
კერძოდ, გადამუშავდა “ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომლის თავდაპირველი ვარიანტი მხოლოდ პიროტექნიკასთან დაკავშირებულ ახალ რეგუალაციებს შეეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტში პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე ზეპირსიტყიერად არ უმსჯელიათ და ის დეპუტატებისთვის მხოლოდ წერილობითი სახით იყო დარიგებული.
თუკი ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ამჟამად 1 000 ლარიან ჯარიმას იწვევს, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ პროექტის გადამუშავებული ვარიანტის თანახმად, სამართალდარმღვევი პირი გარდა იმისა, რომ 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, 1 წლის ვადით მართვის უფლებაც შეუჩერდება.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება მუნიციპალურ ქალაქებში იერ-სახის დამახინჯებაზეც.
უფრო კონკერტულად, სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. პროექტის თანახმად, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, პირს შეეფარდება ადმინისტრაციულ პატიმრობა - 15 დღემდე ვადით.
იგივე ქმედება ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის ზონაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით (ამჯამად ჯარიმის ოდენობა 1000 ლარია), იგივე ქმედების განმეორება კი, 3 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველი გახდება.
აღნიშნული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
არსებული ჯარიმები იზრდება დედაქალაქის - თბილისის შემთხვევაშიც.
თბილისში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, არსებული ჯარიმის ოდენობა 200 ლარია.
იმავე ქმედების განმეორებით ჩადენაზე არსებული ჯარიმა – 1 000 ლარიდან 2 000 ლარამდე იზრდება.
თბილისის სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 3 000 ლარის ოდენობით.
კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ჯარიმა 1 000 ლარის ნაცვლად 2 000 ლარი იქნება. განმეორების შემთხვევებში კი, პირის დაჯარიმება 3 500 ლარის ოდენობით მოხდება. დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, “ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსს“ ემატება ახალი მუხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის, ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის, ასევე უნიფორმისა და ატრიბუტიკისთვის მიმსგავსებული ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის ტარებაზე - ასეთი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო. მას 13 დეკემბრის სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.