„განხილვა მიზანმიმართულად ჭიანურდება" - ოკმელაშვილის ადვოკატმა მოსამართლის აცილება მოითხოვა
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩევა, – მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა და იმ არგუმენტით, რომ საქმეში არ არსებობდა ახლად გამოვლენილი გარემოებები, ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
რაც შეეხება საქმის განხილვას, საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზეა მისული. დაცვის მხარე ოქტომბრიდან მოყოლებული საქმის განხილვის მიზანმიმართულ გაჭიანურებაზე საუბრობს. როგორც ოკმელაშვილის ადვოკატი, კობა ბარამია აცხადებს, განხილვის გადადების ერთადერთი მიზანი არის ის, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ ოკმელაშვილის შეწყალება მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადაში ვეღარ მოესწროს.
დღეს გამართულ სხდომაზე მოსამართლემ მხარეებს დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადასვლა შესთავაზა, თუმცა ამჯერად პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რომ მზად არ იყო დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისთვის და სხდომის გადადება მოითხოვა.
დაცვის მხარემ პროკურორის პოზიცია საქმის განხილვის მიზანმიმართულ გაჭიანურებად შეაფასა და სასამართლოს შესთავაზა, განხილვა მომდევნო დღეს გაგრძელებულიყო. მისივე თქმით, ისეთ საქმეზე, სადაც მხარეს უდავოდ აქვს ცნობილი მტკიცებულებების ნაწილი, სასამართლოს მიერ სხდომების 2-თვიანი ინტერვალით ჩანიშვნაც, ზემოთაღნიშნულ ეჭვებს ამყარებს.
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ საქმის განხილვის გადადების გადაწყვეტილება მიიღო, დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა:
„თქვენს მიერ სხდომის არაერთხელ გადადება და დღევანდელი თქვენი პოზიცია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ობიექტური ტესტით საზოგადოებაში ტოვებს განცდას, რომ იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაგრძელებთ საქმის განხილვას, თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება ობიექტური.
როგორც მოგეხსენებათ, აცილების საკითხი განიხილება ორი სტანდარტით – ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმით.
ამ შემთხვევაში ობიექტური კრიტერიუმით, საზოგადოებაში არავის არ დარჩება განცდა, რომ თქვენ ამ საქმეზე, უდავოდ ცნობილ საქმეზე, ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებთ… გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებულის სწრაფი მართლმსაჯულების უფლება ფაქტობრივად უგულებელყოფილია სასამართლოს მხრიდან, ჩვენ არ გვაქვს ობიექტურობის მოლოდინი აღნიშნულ საქმეზე, ამიტომ ამ საფუძვლით, გთხოვთ, რომ ამ საქმიდან თავი აიცილოთ“, – მიმართა სასამართლოს ადვოკატმა კობა ბარამიამ.
მოსამართლე გიორგი გელაშვილი არ დაეთანხმა დაცვის მხარის ბრალდებებს და აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელია მტკიცება იმისა, რომ სასამართლოს რაიმე სახის დაინტერესება აქვს ბრალდებულ გიორგი ოკმელაშვილის საქმის მიმართ.
აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შემდეგ მოსამართლემ მომდევნო სხდომა 2025 წლის 10 იანვარს ჩანიშნა.
„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გიორგი ოკმელაშვილი საქმის განხილვა და დასრულება იდება, ის არის, რომ მისი შეწყალება არ მოხდეს დეკემბრის თვის ბოლომდე. ანუ ამ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადაში. სხვა მიზეზი არის უბრალოდ საბაბი და პროცედურული შეფერხება იმისათვის, რომ სასამართლო და ბრალდების მხარემ ფორმალურად თავი გაიმართლონ…”, – თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატმა.
რაც შეეხება მოსამართლის აცილების შუამდგომლობას, ადვოკატი განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის გასაჩივრების შემთხვევაში, დაცვის მხარეს რომ არ შეექმნას დაბრკოლება, ყველა შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი უნდა ამოიწუროს.
რაც შეეხება დღევანდელ პროცესზე პროკურორის ერთჯერადად შეცვლას, დაცვის მხარემ აღნიშნულიც პროცესის ხელოვნურად შეფერხების მცდელობად შეაფასა.
„თქვენთვის, როგორც ცნობილია, საქმის მოცულობა არ არის იმხელა. სულ სამი გამოკითხვის ოქმია საქმეში. ამას სჭირდება დაახლოებით ნახევარი საათი იმისათვის, რომ მხარეს და გამოცდილ იურისტს ჰქონდეს პოზიცია და, ასე ვთქვათ, ხუთწუთიანი სიტყვა იმისათვის, რომ წარდგეს სასამართლო სხდომაზე. ეს იყო საბაბი იმისათვის, რომ გადადებულიყო საქმის განხილვა”, – განაცხადა ბარამიამ.
საქმის პროკურორს როინ ხინთიბიძეს დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ოკმელაშვილი მაისში პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დააკავეს – სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის საფუძველზე.
გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
როგორც ოკმელაშვილი აცხადებს, ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიებისა და აუცილებელი დახმარების პირობებში.
„მომიტინგეებს ურტყამდნენ, აბრტყელებდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მე თავი ჩავთვალე ვალდებულად, დამეცვა სუსტები და ხელს ვკრავდი“, – აცხადებს ოკმელაშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.