კელი დეგნანი - მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე, რაც მთავარია, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით
ვფიქრობ, მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე, მაგალითად, ზოგიერთ სასამართლოში არის ძალიან ბევრი დაგროვილი საქმე, ზოგან არის მოსამართლეების ნაკლებობა და რაც მთავარია, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩმა კომენტარი გააკეთა ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად დაამტკიცების შესახებ.
დეგნანის თქმით, აღნიშნულის შესახებ შეფასებას ალბათ ევროკავშირის კომისია გააკეთებს.
„ამის შეფასებას გააკეთებს ალბათ ევროკავშირის კომისია. რაც შეეხება თავად მართლმსაჯულების რეფორმას, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და არა მხოლოდ ნაწილი იმ 12 რეკომენდაციისა. ამაზეა საუბარი ასოცირების ხელშეკრულებაშიც და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის დაცვაზე. თავად პროცესი უნდა იყოს ფართო, ინკლუზიური და მასში უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა ოპოზიცია, ასევე დაინტერესებული მხარეები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ ინტერესი ამ სფეროსი, არამედ იმიტომაც, რომ მათ აქვთ ძალიან კარგი იდეები და მოსაზრებები“, – განაცხადა დეგნანმა.
კელი დეგნანის განცხადებით, მთავარია, რომ მოქალაქეებმა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით.
„მე ბევრს ვმოგზაურობ საქართველოს რეგიონებში და მიწევს ხოლმე მოსამართლეებთან შეხვედრა. შევხვედრილვარ ძალიან ბევრ მოსამართლეს, რომლებიც მართლაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ახორციელებენ და ძალიან ბევრი მათგანი არის ერთგული, თავისი საქმის პროფესიონალი. ვფიქრობ, ამ მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე, მაგალითად, ზოგიერთ სასამართლოში არის ძალიან ბევრი დაგროვილი საქმე, ზოგან არის მოსამართლეების ნაკლებობა და რაც მთავარია, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით“, – განაცხადა დეგნანმა.
მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი დაამტკიცეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ლევან მურუსიძე (268 ხმა) და დიმიტრი გვრიტიშვილი (267 ხმა) ხმათა უმრავლესობით და ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.