სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები, რომლებიც ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს გაუწევენ მომსახურებას, მცირე მეწარმის სტატუსით ვერ ისარგებლებენ და 1%-ის ნაცვლად, 20%-ით დაიბეგრებიან
სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები, რომლებიც ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს გაუწევენ მომსახურებას, მცირე მეწარმის სტატუსით ვერ ისარგებლებენ და 1%-ის ნაცვლად, 20%-ით დაიბეგრებიან.
შესაბამისი ცვლილება საკითხის მომხსენებლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მან „ქართული ოცნების“ დეპუტატების შენიშვნები გაითვალისწინა და საბოლოოდ, დეპუტატებმა კენჭი რეგულაციის 1-ელი თებერვლიდან ამოქმედებას უყარეს.
„შესათანხმებლად წარმოგიდგენთ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს. მოგეხსენებათ, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები არსებობს, ამას საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს. ერთ-ერთი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმია მცირე მეწარმეების, მცირე ბიზნესი, რომელიც 1%-იანი განაკვეთით იბეგრება, გარკვეული კატეგორიის გადამხდელები. თუმცა არსებობს შეზღუდვები, არსებობს ისეთი კატეგორია, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად, მცირე ბიზნესის წარმოების უფლება არ აქვთ ან არის ისეთი სახეები, მცირე მეწარმეები, რომლებიც იბეგრება, მაგალითად იჯარა, ქირა და ა.შ.
ამ შემთხვევაში, შესათანხმებლად წარმოგიდგენთ პროექტს, რომლის მიხედვით, სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები ვერ ისარგებლებენ მცირე მეწარმის სტატუსით თუ ისინი მომსახურებას უწევენ ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს. პრაქტიკაში ამ სექტორში ხშირია შემთხვევები, როდესაც პირები ფორმალურად რეგისტრირდებიან მცირე ბიზნესად, თუმცა რეალურად ასრულებენ სამუშაოს დამსაქმებლის კონტროლის ქვეშ, როგორც დაქირავებულები. სექტორში ძალიან რთულია ზღვრის გავლება დაქირავებით მუშაობასა და მომსახურებას შორის. აქედან გამომდინარე, ფართოდაა დამკვიდრებული გადასახადის თავის არიდების პრაქტიკა, რაც ქმნის ადმინისტრირების პრობლემას და წარმოშობს საგადასახადო დავებს. ჩვენ ვაკვირდებით ამ მიმართულებით საგადასახადო დავებს და უამრავი საგადასახადო დავა არსებობს, როცა არასწორ კლასიფიკაციას აძლევს რეალური დამქირავებელი თავის დაქირავებულს, თვითონ იღებს მცირე მეწარმის სტატუსს და მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ის არის დაქირავებული, აწარმოებს საქმიანობას, როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე. შედეგად წარმოშობილია დაშვებული და გართულებულია ადმინისტრირება. აქედან გამომდინარე, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, წარმოდგენილია აღნიშნული პროექტი. ამ სექტორში დასაქმებულ პირებს, რა თქმა უნდა, არ ეკრძალებათ საქმიანობა, მაგრამ თუ ისინი ასეთ საქმიანობას ახორციელებენ ისინი დაიბეგრებიან ჩვეულებრივი რეჟიმით ანუ 20%-იანი განაკვეთით და გადაიხდიან წლიურად ისე, როგორც ჩვეულებრივი მეწარმე.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ პროექტის მიხედვით, მათ არ შეეზღუდებათ ფიზიკურ პირებისთვის მომსახურება, ეს მცირე მეწარმისთვის ისევ ერთი პროცენტით დაიბეგრება. აქ საუბარია ორგანიზაციაზე, საწარმოსა ან მეწარმე ფიზიკურ პირთან გაწეულ მომსახურებაზე“,- განაცხადა საკითხის მომხსენებელმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა.
საკითხის განხილვას უკმაყოფილება მოჰყვა „ქართული ოცნების“ დეპუტატებში. ანტონ ობოლაშვილი და ბეჟან წაქაძე რეგულაციის ნაცვლად 2025 წლის 1-ელი იანვარს ამოქმედებისა, მის ამოქმედების ვადის გადავადებას ითხოვდნენ და ამის მიზეზად ბიზნესის ინფორმირებისთვის საკმარისზე ნაკლებ დროს ასახელებდნენ.
„ახლა დეკემბერია, ახალი წელი მალე დგება. კომპანიებიდან ბევრი აჩერებს გარკვეულწილად მუშაობას. ისინი ამის წინაშე დადგებიან, საერთოდ არ ეცოდინებათ ამის შესახებ და შეიძლება ზოგმა მათგანმა ივნისსა და აგვისტოში გაიგოს, ეს ხომ ჯარიმებია? მოუწევთ საურავების გადახდა და არასწორია. ჩვენ გვინდა ბიუჯეტი შევავსოთ, მაგრამ...“ - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.