პროტესტის მე-13 მშვიდობიან ღამეს აქციიდან წასული კიდევ 6 ადამიანი დააკავეს
გასულ ღამეს, მიმდინარე მასშტაბური პროევროპული პროტესტის მე-13 ღამეს მორიგი 6 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.
ინფორმაციას ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ.
10-11 დეკემბრის ღამეს აქცია სრულიად მშვიდობიანად დამთავრდა. არ გამოყენებულა არც პიროტექნიკა და პოლიციის წარმომადგენლებიც კი არ მდგარან დემონსტრანტების სიახლოვეს, როგორც ჩვეულებრივ დგანან ხოლმე პარლამენტის მოსაზღვრე ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე. თუმცა ძალოვნების სანადირო ოპერაციამ აქციის დაშლის შემდეგ კიდევ 6 ადამიანი მოიხელთა.
მეთოთხმეტე დღეა, ასობით ათასი ადამიანი გამოდის თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. დემონსტრაციები არაერთხელ ძალადობრივად დაარბიეს გამთენიისას. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად ძალადობენ ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებზე. ძალოვნები და მათთან დაკავშირებული ზონდერები ადამიანებს თავს ესხმიან და აკავებენ დემონსტრანტებს სრულიად მშვიდობიან დღეებში და მას შემდეგაც კი, როცა აქცია იშლება და მშვიდობიანი აქციის მონაწილეები სახლებში მიდიან.
მასობრივი პროტესტი მოჰყვა ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.