დიმიტრი ცქიტიშვილი - იზოლაციაში “ქართული ოცნება” ვერ მოახდენს ქვეყნის მართვას და მოუწევს ძალიან მალე დათმობებზე წასვლა, ეს გარდაუვალია, შეეგუონ - ახალი არჩევნები უნდა დანიშნონ, სხვა გამოსავალი მსგავსი ღრმა კრიზისის დროს არავის მოუგონია
პოლიციის კანონის მიღება, ეს არის დიქტატორული რეჟიმისთვის დამახასიათებელი სისტემა, როდესაც ერთის მხრივ, შენ გჭირდება, რაც შეიძლება მეტი პოლიციელი გყავდეს და გააბევრო შენი უხეში ძალა, რომ ხალხის დარბევისა და დაჭერის მეტი რესურსი გქონდეს და მეორეს მხრივ, თუ ვინმეს განსხვავებული აზრი ექნება სამსახურში, ძალიან მარტივად გააგდო სამსახურიდან, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
ცქიტიშვილის თქმით, კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნები და, ამასთან, ახალი წინასაარჩევნო გარემო.
მისი აზრით, საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიკური გავლენებისგან განეიტრალება
“მე ვფიქრობ, ეს აქციები “ქართულ ოცნებას” საბოლოდ მიიყვანს იქამდე, რომ უკან დაიხიონ იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ასეთი მზარდი ზეწოლაა. ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და არ ეთანხმებიან იმ ფუნდამენტურ ცვლილებას კურსის, რომელიც განაცხადა ხელისუფლებამ და ასევე, ჩვენ ვხედავთ ძალიან მზარდი კრიტიკა არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ასეთ სრულ იზოლაციაში ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან, დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” ვერ მოახდენს ქვეყნის მართვას და მას მოუწევს ძალიან მალე დათმობებზე წასვლა. ეს გარდაუვალია. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ ხალხი არ მოეშვება, ხალხში არის ის განწყობა, რომ არ დათმობს იმიტომ, რომ მისთვის ეს არის საკუთარი სამშობლოს დათმობა, თავისი მომავლისა და დღევანდელობის და მე ვფიქრობ, არც არაფერი გვაქვს დასათმობი, არაფერი გვაქვს უკან დასახევი. ეს არის ქვეყნისთვის, დღევანდელი და ხვალინდელი დღისთვის ბრძოლა და მოუწევთ, ამას შეეგუონ, ხალხის ხმა უნდა გაიგონ.
ახალი არჩევნები უნდა დანიშნონ, სხვა გამოსავალი ასეთი ღრმა კრიზისის დროს არავის მოუგონია. არჩევნები, რომელიც მოიპარეს, უნდა ჩატარდეს თავიდან იმისთვის, რომ საზოგადოების ნება და აზრი იყოს აღქმული და ასახული პოლიტიკურ პროცესში, სხვა შემთხვევაში ისინი პოლიტიკურ პროცესს ვერ დაასტაბილურებენ. ყოველთვის იქნება განცდა, რომ ხელისუფლებებს მოპარული აქვთ ხალხის ნება და ისინი მანიპულირებენ. უნდა შეიცვალოს წინასაარჩევნო გარემო, უნდა შეიცვალოს სისტემა არჩევნების ადმინისტრირების და ძალოვანი სტრუქტურები - სუს-ისა და შსს-ს პოლიტიკური გავლენებისგან განეიტრალება უნდა მოხდეს. სხვა შემთხვევაში გამოსავალს ვერ იპოვიან და უკმაყოფილებას ვერ ჩაახშობენ ამ ქვეყანაში.
რაც შეეხება პიროტექნიკას, მე თვითონაც თავის დროზე ძალიან მომხრე ვიყავი, რომ აიკრძალოს, სპეციალისტების გარეშე ამის გამოყენებას ძალიან ბევრი ტრავმა მოჰყვა და ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ პოლიციის კანონის მიღება, ეს არის დიქტატორული რეჟიმისთვის დამახასიათებელი სისტემა, როდესაც ერთის მხრივ, შენ გჭირდება, რაც შეიძლება მეტი პოლიციელი გყავდეს და გააბევრო შენი უხეში ძალა, რომ ხალხის დარბევისა და დაჭერის მეტი რესურსი გქონდეს და მეორეს მხრივ, თუ ვინმეს განსხვავებული აზრი ექნება სამსახურში, ძალიან მარტივად გააგდო სამსახურიდან - ეს არის ტიპური, დიქტატორული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ზომები, რომლის მიღებასაც ცდილობენ”, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილმა ასევე ევროკავშირში საქართველოს საკითხის განხილვაზე ისაუბრა, რომელიც 16 დეკემბერს არის ჩანიშნული. როგორც მან აღნიშნა, ბევრი საკითხი უნდა განიხილონ ევროკავშირში, მაგრამ კარგი მოლოდინი არ აქვს და ეს სახელმწიფო ინტერესებს დააზარალებს.
“ძალიან ბევრი საკითხია დღის წესრიგში, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ასევე კონკრეტული პირების მიმართ გადაადგილების შეზღუდვა ევროკავშირის ფარგლებში, ასევე ვიცი, რომ განიხილება კანდიდატის სტატუსის შეჩერებაც და საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და მერე უკვე ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია გუშინდელი განცხადებიდან გამომდინარე, რომ ძალიან მკაცრი და ძალიან მზარდია კრიტიკა ხელისუფლების მიმართ და ამ პოლიტიკურ კლიმატში იქნება გადაწყვეტილება მიღებული. კარგი არაფერი არ იქნება. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს ინტერესები ზარალდება და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართული ოცნების” ხელისუფლებას”, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.