Jump to content
Planeta.Ge

„არ დაელოდოთ, სანამ პირადად შეგეხებათ - ხელისუფლებას ვქირაობთ ჩვენ, ხალხი“ - რესან ქიქავას მიმართვა ბიზნესს


“რასაც ახლა ამ დემონსტრაციებით ვცდილობთ, არის ის, რომ არ გავფორმდეთ ბანანის რესპუბლიკად” - ამის შესახებ „ექსპო-ჯორჯიას“ დირექტორმა, რესან ქიქავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ამბავს ერთადერთი პოზიტივი ის აქვს, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ბიზნესმაც გამოიღვიძა.

„თუ რამე პოზიტივი შეგვიძლია დავინახოთ მთელი ამ მიმდინარე პროცესებიდან, ერთ-ერთი არის გამოღვიძება და მათ შორის ბიზნესის მხრიდანაც. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი ბიზნესი ერთ-ერთი დაინტერესებული მხარეა და მას აქვს მნიშვნელოვანი როლი.

 

ის, რომ ბიზნესი წლების განმავლობაში 99%-ის შემთხვევაში აფინანსებს ხელისუფლებას, იმ პოლიტიკური კულტურის არარსებობის ბრალია, რომ ხელისუფლებამ ადეკვატურად მიიღოს ის ფაქტი, რომ ბიზნესი აფინანსებდეს ოპოზიციას და ეს მტრულ ნაბიჯად არ აღიქვას. იმედია ნელ-ნელა ესეც შეიცვლება“, - აცხადებს ქიქავა.

მისი თქმით, ის, რასაც ახლა დემონსტრაციებით ცდილობს ხალხი, არის - დაანახოს დასავლეთს, რომ არ ვართ ბანანის რესპუბლიკა, რომელთანაც ყველა ტიპის თანამშრომლობა განულებული უნდა იყოს.

„უმნიშვნელოვანესია ლეგიტიმაციის საკითხი. როცა ხელისუფლებას შეჩერებული აქვს კომუნიკაცია დასავლეთთან და ამ დროს ბიზნესის დიდი ნაწილი ფინანსდება სწორედ დასავლეთიდან, ამან შესაძლოა, ბევრი პრობლემა შეგვიქმნას. ის, რასაც ახლა ამ დემონსტრაციებით ვცდილობთ, არის ის, რომ არ გავფორმდეთ ბანანის რესპუბლიკად, რომელთანაც ყველანაირი ტიპის თანამშრომლობა ან განულებულია ან გართულებული. ეს იწვევს ფულის გაძვირებას ბიზნესისთვის და ბანკებისთვის, საბოლოო ჯამში, ამას აქვს დომინოს ეფექტი და მივყავართ ძალიან ცუდ შედეგებამდე. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება მივებათ აღმოსავლეთს ან უარეს შემთხვევაში, ჩრდილოეთს და ეს სიკეთის მომტანი იყოს ჩვენთვის.

სამწუხაროდ, როგორც საზოგადოება, იმაზეც ვერ ჩამოვყალიბდით, მტერი ვინ არის. რუსეთის და ჩვენი ინტერესი ცალსახად რომ არ ემთხვევა ერთმანეთს, ამას დიდი განათლება და დოქტორის ხარისხი არ სჭირდება“ - აღნიშნავს „ექსპო-ჯორჯიას“ დირექტორი.

რესან ქიქავამ პარალელი ბელარუსთან გაავლო და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში იმედისმომცემი მხოლოდ ის არის, რომ ქართველი ერი მებრძოლი ერია.

„ჩვენი დამცავი ამ ხელისუფლებისგან დღეს არავინ არ არის. ხვალ რომ მათ გადაწყვიტონ, გახდნენ უარესი, იქნება უარესი და ეს არის დამოკიდებული იმაზე, იგრძნობენ თუ არა ისინი ძალაუფლების საფრთხეს. წინსვლაზე და განვითარებაზე აღარ არის საუბარი, იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება. იგივე მიდგომაა ჩვენთანაც, რაც იყო ბელარუსში, სადაც მსგავსი ტიპის დაკავებები 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ 3 000-მდე კაცი დაიჭირეს. უბრალოდ, მათგან განსხვავებით, ჩვენ ძლიერი ერი ვართ, ჩვენი იდენტობა გვაქვს, რანაც ათასწლეულების განმავლობაში გადაგვარჩინა და იმედია, ახლაც ეს გვიშველის“, - განაცხადა მან.

ბიზნესმენი კოლეგებს ურჩევს, არ დაელოდონ, სანამ რეჟიმი მათ პირადად შეეხება.

„ყოველთვის ფრთხილად ვარ მოწოდებების მიმართ და ძალიან კარგად მესმის, რომ ყველა ბიზნესს თავისებური მიდგომა აქვს ყველა საკითხთან დაკავშირებით. როცა ასეთ გარემოში გიწევს ყოფნა, ეს გარკვეული რისკის მატარებელია. ამიტომ, ბიზნესს რაც შემიძლია ვურჩიო, ის არის, რომ არ დაელოდოთ, სანამ პირადად შეგეხებათ, მანამდე დაწყებული მოქმედებები უფრო ეფექტურია. ხელისუფლებას ვქირაობთ ჩვენ, ხალხი, ვუხდით მათ ფულს და ვავალდებულებთ, შეასრულონ კონსტიტუცია. როცა ისინი არ ასრულებენ კონსტიტუციას, ამ დროს ხელისუფლებას უშვებ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ უშვებ, რადგან გვაქვს ის სისტემა, რაც გვაქვს.

ვფიქრობ, მეტი კომუნიკაციის შემთხვევაში ყველაფერს მეტი აზრი მიეცემა. უნდა მივიდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვესაუბროთ პრობლემებზე და გამოსავალზე. გამოსავალი კი ის არის, რომ ხელისუფლებამ ხელი უნდა აიღოს ძალადობაზე, რადგან ის, რაც ხდება, არის რეპრესიები და ესეც ხომ პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევაა. მეორე მნიშვნელოვანი ეტაპია ლეგიტიმაციის დაბრუნება - ბიზნესს გვჭირდება ლეგიტიმური ხელისუფლება იმისთვის, რომ შევძლოთ დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობა“, - აცხადებს რესან ქიქავა.

 

 

 
eka-darchiashvili-1649832571.jpg
ავტორი:
ეკა დარჩიაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...