საბა ქევხიშვილის დაკავების და სასტიკად ცემის საქმეზე სოციალური სამართლიანობის ცენტრი ვიდეოს ავრცელებს
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემი საბა ქევხიშვილის და ძალოვნებთან მისი გამოლაპარაკების ვიდეო ეპიზოდს, რომელიც წინ უძღოდა ქევხიშვილის დაკავებას და მასზე ძალადობას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, საბა ქევხიშვილზე სპეცრაზმის თანამშრომლებმა 1-ელ დეკემბერს, გამთენიისას რუსთაველის გამზირზე მასობრივი მშვიდობიანი შეკრების თვითნებური დაშლის შემდეგ იძალადეს. ნიღბიანმა სპეცრაზმელების მიერ განხორციელებული სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, მას დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში – ცხვირის და ყბის ძვლების, ასევე თვალბუდის მოტეხილობისა და ტვინის შერყევის სახით.
„სპეცრაზმის მიერ საბა ქევხიშვილის დაკავებას და მასზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მშვიდობიანი აქციის დაშლის მიზნით სპეციალური საშუალებების, მათ შორის დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზის გამოყენება. აქციის მშვიდობიანი ხასიათის სადემონსტრაციოდ, ქევხიშვილი პროტესტის მონაწილეებს გამოეყო და რუსთაველზე სპეცრაზმის თანამშრომლების მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გადაადგილდებოდა.
ტელევიზიების პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანს, რომ საბა ქევხიშვილს ერთ-ერთი სპეცრაზმელი გამოელაპარაკა და ჰკითხა, თუ რას აპროტესტებდა, რის შემდეგაც საბამ მას საკუთარ მობილურში აქციის კიდევ ერთი მონაწილის ზვიად მაისაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ცემის ვიდეოს აჩვენებს და ეუბნება, რომ ძალადობაზე ვერ შეთანხმდებიან. ამ ეპიზოდის შემდეგ, საბა ქევხიშვილთან კომუნიკაციაში მყოფი სპეცრაზმის თანამშრომელი, სავარაუდოდ დაჯგუფების ხელმძღვანელი, ქევხიშვილის დაკავების გადაწყვეტილებას იღებს.
საბას თქმით, დაკავების შემდგომ, ის ქაშვეთის მიმდებარედ მდგომ მიკროავტობუსში ჩასვეს, სადაც სპეცრაზმის რამდენიმე თანამშრომელი მას უწყვეტად, მონაცვლეობით სახის, კეფისა და მთელი სხეულის არეში უმოწყალოდ ურტყამდა. ძალადობის პარალელურად, დაკავებულს ემუქრებოდნენ, აგინებდნენ და ეკითხებოდნენ, კიდევ გამოვიდოდა თუ არა აქციაზე. დაკავებისას მას წაართვეს მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები“ – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი, რომელიც საბა ქევხიშვილის უფლებებს იცავს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.