ცხინვალში ხანძრის შედეგად დაშავებული სამი პირი თბილისში გადაჰყავთ
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროში სააგენტო „რეს-ს" განუცხადეს, რომ ცხინვალში, კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული სამი პირი "რესპუბლიკის" ფარგლებს გარეთ საავადმყოფოში გადაჰყავთ. დე ფაქტო სამინისტროში ცხინვალის მედიას უთხრეს, რომ დაშავებულები მძიმე მდგომარეობაში არიან.
„19 წლის გოგო და ორი ქალი, 41 და 70 წლისები, რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ჰოსპიტალიზებული იქნებიან“, - აცხადებენ სამინისტროში.
იქვე განმარტეს, რომ მეოთხე დაზარალებული კაცი შოკურ მდგომარეობაშია და საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობს.
"წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა" რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ დაზარალებულებს თბილისში გადმოიყვანენ. ორგანიზაციის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მათ კომიტეტის ცხინვალის ოფისის თანამშრომლები დაუკავშირდნენ და დაზარალებულთა თბილისში გადაყვანა სთხოვეს. "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" თბილისის ოფისი, როგორც ნეიტრალური შუამავალი ორგანიზაცია, ახლა თბილისში დაზარალებულთა მიმღებ კლინიკას არკვევს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
ორშაბათს დილით ცხინვალში, კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. მათგან ორი ბავშვი დაიღუპა.
დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, „დილის 8:00 საათზე, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დისპეტჩერმა მიიღო შეტყობინება გერცენის ქუჩის გასწვრივ შანხაის მიკრორაიონში, კერძო ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შესახებ. შემთხვევის ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული. სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის შედეგად არის ექვსი დაშავებული, მათგან ორი ბავშვი დაიღუპა“, – იუწყება საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური.
დაშავებული 19 წლის გოგო და 41 და 70 წლის ქალები თავიდან ცხინვალის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
ცხინვალში ხანძრის გაჩენის მიზეზებს ახლა სპეციალისტები სწავლობენ. ერთ-ერთი ვერსიით, სახლში ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.