Jump to content
Planeta.Ge

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ


ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეზე აპელირებდა. პროკურორები დაკავებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებზე მიუთითებდნენ, რის გამოც ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდნენ.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ყველა მათგანი ასაბუთებდა, რომ დაკავებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.

ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით გირაოს განსაზღვრას თავად სთავაზობდნენ.

სასამართლოს როგორც სხდომათა დარბაზში, ასევე შენობაში იმყოფებიან თეატრის, კინოს მსახიობები, იუმორისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ცნობისთვის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სხდომაში მყოფების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. "სირცხვილია", "მონებო" - ამ შეძახილებით შეხვდნენ ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...