Jump to content
Planeta.Ge

უკვე მე-2 დაკავებული ამბობს, რომ მოსთხოვეს კამერაში ეთქვა – “ხარება მაგარი კაცია”


აქციაზე, სპეცრაზმელების მიერ ნაცემი კიდევ ერთი მოქალაქე ჰყვება, რომ მას ხარებას – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის ქებას აიძულებდნენ. მიშა მეტრეველი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთ-ერთა კამერა ჩართო და მოსთხოვა გაემეორებინა ფრაზა: “ხარება მაგარ კაცია”. უარის მიღების შემდეგ მისი ცემა გააგრძელეს.

“ფიზიკურად გვისწორდებოდა 6 შავნიღბიანი ერთდროულად და შემდეგ სცადეს ვიდეოს გადაღება, სადაც მოგვთხოვეს გვეთქვა ფრაზა: “ხარება მაგარი კაცია” რაზეც მტკიცე უარი მიიღეს ჩვენგან და ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ 2 რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა.

ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ გადაგვცეს საპატრულო ეკიპაჟს და მოხდა ჩვენი გადანაწილება სხვადასხვა წინასწარი პატიმრობის იზოლატორში. იზოლატორში 30 საათიანი ყურყუტის შემდეგ გადაგვიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მხოლოდ აქციის მონაწილეების საქმეები განიხილებოდა და ყველას ერთნაირად შეთხზული სცენარით დებდნენ ბრალს და უსჯიდნენ 7 დღემდე პატიმრობას. წინასწარი დაკავების იზოლატორებში თავისუფალი ადგილები აღარ იყო და უწევდათ სხვადასხვა ქალაქებში გადანაწილება”, – აცხადებს მეტრეველი.

ის იხსენებს მისი დაკავების დეტალებსაც. მეტრეველი დააკავეს ბესიკის ქუჩაზე, იმ მომენტში, როცა წაქცეული მოქალაქის წამოყენებას ცდილობდა. როგორც კი მასთან სპეცრაზმელები მივიდნენ, უთხრა, რომ წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა და ჩაბარდებოდა. ასე შეეცადა ის ფიზიკურ ანგარიშსწორების თავიდან არიდებას. თუმცა, სპეცრაზმელებმა მისი ცემა იმ წუთასვე დაიწყეს.

მეტრეველი იხსენებს, რომ სპეცრაზმელებმა მას ჰკითხეს, რამდენს უხდიდნენ აქციაზე დგომისთვის. მისი თქმით, სამართალდამცველებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ აქციაზე გულწრფელი წუხილის გამო შეიძლება გახვიდე. თუმცა, ამბობს, რომ ცემთ ვერ შეაშინებენ და კვლავაც გაგრძელებს მისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვას,.

“48 საათი [იზოლატორში ყოფნის დრო] სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმის დასანახად, თუ რამხელა ჭაობშია დღეს ჩვენი ქვეყანა, სახეწაშლილი ინსტიტუტებით, ძალაწართმეული მოსამართლეებით, დაშინებული პოლიციის თანამშრომლებით რომლებიც ერთი და იმავე მესიჯბოქსით მანიპულირებენ. არ შეშინდე! გაბრაზდი”, – წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.

აქციაზე ნაცემი და დაკავებული არაერთი მოქალაქე ჰყვება, რომ სპეცრაზმელები მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას იღებდნენ, ფიზიკურის გარდა, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და დასცინოდნენ. ასევე, აიძულებდნენ მათი ხელმძღვანელის, ხარება საქებარი სიტყვების გამეორებას.

ერთ-ერთი ვინც ამის შესახებ ისაუბრა მთარგმნელი დათა ხარაიშვილია.

“გვაიძულებდნენ, რომ გვეთქვა, ხარებას გაუმარჯოს და თუ არ იტყოდი, მოვიდოდნენ და ჩაგარტყამდნენ. 100 მეტრს გაუვლიდა ეს სამარშრუტო, იქ სხვა ჯგუფთან მივიდოდა, გაიღებოდა კარი და ვიღაცები შემოიხედავდნენ აგრესიულად – “აბა, ვინ მოგვიყვანეთ?!”. შემოცვივდებოდნენ და მერე იწყებოდა ისევ ცემა-ტყეპა”, – ასე იხსენებს ხარაიშვილი მასზე ძალადობის დეტალებს.

ცემის შედეგად მან ტვინის შერყევა მიიღო. ასევე, ჩაუტარდა ოპერაცია თვალბუდის მოტეხილობის გამო.

ამავე თემაზე:

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...