Jump to content
Planeta.Ge

ქერჩის ხიდზე დაზიანებულ მონაკვეთებს შლიან


ოკუპირებულ ყირიმთან რუსეთის დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დაიწყეს იმ კამარების დემონტაჟი, რომლებიც მიმდინარე თვის დასაწყისში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაზიანდა.

როგორც რადიო თავისუფლების პროექტ "კრიმ რეალიის" კორესპონდენტი იუწყება, მძიმე ტექნიკის მუშაობა დაზიანებულ მონაკვეთზე ქერჩის სანაპიროდანაც ჩანს.

რუსეთის მიერ კონტროლირებადი ქერჩის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქერჩის ხიდზე მუშაობა დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ოკუპირებული ყირიმის "კურატორმა" მარატ ხუსნულინმა ადრე განაცხადა, რომ ხიდზე გადაადგილების უფლებას მისცემდნენ 40 ტონამდე წონის სატვირთო მანქანებს. მაგრამ რუსეთის ხელისუფლება ურჩევს სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომ ყირიმიდან რუსეთში ხერსონის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიების გავლით იმოძრაონ.

ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს დილით მოხდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოებსა და ფოტოებზე ჩანს ცეცხლმოკიდებული გზა, ხანძარი სატვირთო მატარებელზე, საავტომობილო ხიდის ნაწილი ჩანგრეულია. ხიდზე მოძრაობა მთლიანად შეაჩერეს. ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქდა სატვირთო ავტომანქანა. ამის შედეგად ცეცხლი მოედო მატარებელს, რომელსაც საწვავით დატვირთული ცისტერნები გადაჰქონდა. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხიდის აფეთქებას ტერაქტი უწოდა და თქვა, რომ მისი დამკვეთები და შემსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები არიან. კიევს არაერთხელ განუცხადებია, რომ ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს, მაგრამ 20 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან კიევის კავშირი. "ჩვენ, რამდენადაც მე ვიცით, ასეთი რამ ნამდვილად არ შეგვიკვეთია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

19 კილომეტრის სიგრძის ხიდი, რომლის მშენებლობა 3,7 მილიარდი დოლარი დაჯდა, რუსეთის თქმით, ევროპაში ყველაზე გრძელია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...