მსოფლიოს სახელმწიფოების მოქმედი და ყოფილი ქალი ლიდერები ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მმართველი პარტიის ქმედებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გავრცელებულ ერთობლივ წერილში მსოფლიოს სახელმწიფოების მოქმედი და ყოფილი ქალი ლიდერები აცხადებენ.
„ჩვენ, ხელმომწერი ქალი ლიდერები, ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში სოლიდარობას ვუცხადებთ. თბილისში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სადაც 200 000-ზე მეტი მოქალაქე ქუჩებში რუსეთთან დაკავშირებული მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების პროტესტის ნიშნად გამოვიდა, ევროპული მომავლისა და დემოკრატიული კურსის მიმართ ქართველი ხალხის ღრმა ერთგულებას ხაზს უსვამს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ქალი ლიდერები აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტიის ქმედებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს.
„ხელისუფლების მხრიდან მუდმივი თავდასხმებისა და შევიწროების მიუხედავად, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მთავრობის ანტიდემოკრატიული ზომების დაგმობისას მტკიცე გამბედაობა და ლიდერობა გამოიჩინა. ის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად რჩება ქვეყანაში, სადაც ამჟამინდელი მთავრობა ხელისუფლებაში საეჭვო არჩევნების გზით მოვიდა“, - აღნიშნავენ ლიდერები.
ისინი საერთაშორისო საზოგადოებას გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.
„საქართველო იზოლირებული შემთხვევა არ არის: ის არის კრიტიკული ბრძოლის ველი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. როგორც ქალი ლიდერები, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას გადამწყვეტი ზომები მიიღოს საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხისა და პრეზიდენტის მტკიცე გამბედაობის დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ჰელენ კლარკი, აშშ-ის 67-ე სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, მექსიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პატრისია ესპინოზა, ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯულია გილარდი, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სანა მარინი, ჩრდილოეთ ირლანდიის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილი წევრი მონიკა მაკუილიამსი, ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი მერი რობინსონი, ვიოსა ოსმანი-სადრიუ, კოსოვოს პრეზიდენტი ვიოსა ოსმანი-სადრიუ, ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სირლიფი და აშში-ს ყოფილი ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში, მელანი ვერვირი.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.