Jump to content
Planeta.Ge

ევროკომისიის ანგარიში - საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს


იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება გააგრძელოს და შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება თავიდან აიცილოს, საქართველომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შემდგომი გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს, - ამის შესახებ „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშშია ნათქვამი.

„საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს. იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება გააგრძელოს და შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება თავიდან აიცილოს, საქართველომ კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შემდგომი გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ევროკომისია რეკომენდაციების სახით კონკრეტულ საკითხებს გამოყოფს:

„უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

გააუქმოს და გაიწვიოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, რომელიც ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის არარსებობის პრინციპსა და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი, ასევე, ცვლილებები შეიტანოს ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოს LGBTIQ პირების უფლებების სრული პატივისცემა.

საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში მოიყვანოს ევროკავშირის ჩამონათვალთან მესამე ქვეყნების შესახებ, რომლებიც ვიზებს საჭიროებენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს ქმნიან.

გააძლიეროს ძალისხმევა თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნისა და წევრ ქვეყნებში არარეგულარული ყოფნის პრობლემის გადასაჭრელად, მაგალითად, მიგრანტთა შესაბამისი კატეგორიისთვის საინფორმაციო კამპანიების ჩატარებით უვიზო მიმოსვლის შესახებ და სასაზღვრო შემოწმებების გამკაცრებით.

შექმნას აქტივების აღდგენის ოფისი და აქტივების მართვის ოფისი და გააგრძელოს მუშაობა აქტივების მოკვლევის, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და ლიკვიდაციის საკითხებში.

მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მისი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსები გამოყოს და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიებას, სასამართლო დევნასა და განაჩენის გამოტანას.

ცვლილება შეიტანოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში, რათა ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები გაითვალისწინოს, განსაკუთრებით ის, რაც ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ფუნქციებს ეხება.

მოიყვანოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

 
ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...