Jump to content
Planeta.Ge

ნაცემი 20 წლის ბიჭი 35 საათის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა კლინიკაში გადაყვანას – უფლებები საქართველო


“უფლებები საქართველოს” ინფორმაციით, 20 წლის ბიჭი, რომელიც ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეს, 35 საათის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა საავადმყოფოში გადაყვანას.

ორგანიზაციის ცნობით, დიღმის იზოლატორის ექიმები გულგრილად მიუდგნენ ნაცემი ახალგაზრდის თხოვნას და უარი თქვეს მის გადაყვანაზე საავადმყოფოში. იზოლატორში მას შეხვდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც. თუმცა ორივე უწყების წარმომადგენლებმა უგულებელყვეს ნაცემი ახალგაზრდის საჭიროებები და განაცხადეს, რომ “სამედიცინო კლინიკაში გადაყვანა დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმის კომპეტენციას განეკუთვნება”.

20 წლის ახალგაზრდა იზოლატორიდან პირდაპირ საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მისი მიერ სავარაუდო სამართალდარღვევის საქმე უნდა განხილულიყო. ის სხდომის დარბაზში ცუდად გახდა, მაგრამ, “უფლებები საქართველოს” იურისტი ინფორმაციით, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა სხდომის გადადებაზე უარი თქვა. მან დაკავებული ახალგაზრდის ადვოკატს უთხრა, რომ სასწრაფო გამოძახებული იყო. თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ადვოკატმა 112-ში თავად დარეკა და აღმოაჩინა, რომ სასწრაფო გამოძახებული არ ყოფილა. ამის შემდეგ თავად გამოიძახა სამედიცინო ბრიგადა.

“უფლებები საქართველოს” იურისტის ინფორმაციით, თავდაპირველად სამედიცინო დახმარება სასამართლოში კვადროციკლით მივიდა. ექიმმა შეაფასა ნაცემი ახალგაზრდის მდგომარეობა და განაცხადა, რომ აუცილებელი იყო მისი კლინიკაში გადაყვანა. თუმცა ახალგაზრდის ოჯახის შესთავაზა, თავად წაეყვანათ საავადმყოფოში. ასეთ შემთხვევაში, სამედიცინო შემოწმებისა თუ მკურნალობის ხარჯები თავად ოჯახს უნდა დაეფარა. ამიტომ, “უფლებები საქართველოს” იურისტმა დაჟინებით მოითხოვა, სასამართლოში სასწრაფო დახმარების ბრიგადა მისულიყო და ნაცემი ახალგაზრდა კლინიკაში გადაეყვანა.

საბოლოოდ, 20 წლის ახალგაზრდა დაკავებიდან მხოლოდ 35 საათის შემდეგ გადაიყვანეს კლინიკაში, როცა იმდენად ცუდად გახდა სასამართლო სხდომაზე, რომ პროცესში მონაწილეობა ვეღარ შეძლო. სხდომა 12 დეკემბრამდე გადაიდო.

ორგანიზაციის იურისტები მის კლინიკაში გადაყვანას ჯერ კიდევ იზოლატორში ყოფნის დროს მოითხოვდნენ. “უფლებები საქართველოში” აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა წინასწარი დაკავების იზოლატორის ექიმები დაკავებული ნაცემი ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობას გულგრილად აფასებენ.

“მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ტკივილები მთელ სხეულში და უჭირდა გადაადგილება, იზოლატორმა უარი განაცხადა კლინიკაში მის გადაყვანაზე […] “უფლებები საქართველო” მიიჩნევს, რომ იზოლატორის თანამშრომელთა დამოკიდებულება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკითა და წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებს. სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი პირი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ადეკვატური სამედიცინო მომსახურებითა და მკურნალობით.

ეს არ არის იზოლატორის ექიმების მიერ გამოჩენილი გულგრილობის პირველი შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ სამი დღის წინ, დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმის მიერ არასწორად შეფასებული მდგომარეობის გამო, ორგანიზაციის სხვა ბენეფიციარი ასევე არ გადაიყვანეს სამედიცინო კლინიკაში. შედეგად, აღნიშნულმა პირმა რამდენჯერმე დაკარგა გონება სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. ღუდუშაურის სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი მას ცხვირის ძვლების მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც იზოლატორის ექიმმა თავიდანვე გამორიცხა ტვინის შერყევა, ხოლო მოტეხილობებს არ დაუთმო სათანადო ყურადღება”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“უფლებები საქართველოს” ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდა 4 დეკემბერს, გამთენიისას, მეტროსადგურ ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარედ დააკავეს. ორგანიზაციის ცნობით, ის მარტო იყო და მეგობარს ელოდებოდა, რა დროსაც იქვე მდგარი პიკაპის მარკის ავტომანქანიდან ნიღბიანი პირები გადმოვიდნენ და გინება და მუქარა დაუწყეს. ადვოკატის ინფორმაციით, ახალგაზრდამ ტერიტორიიდან გარიდება სცადა, თუმცა ნიღბიანები მანქანით დაედევნნენ, სცადეს დაჯახება, შემდეგ გადმოცვივდნენ და დააკავეს.

“მაგინებდნენ, ცოცხალს არ დაგტოვებო. ერთმანეთს ეუბნებოდნენ მოკალით და სადმე გადააგდეთ, ვინ გაიგებსო. მირტყამდნენ და იცინოდნენ”, – უთხრა ადვოკატს დაკავებულმა.

“დასისხლიანებულს სუნთქვა უჭირდა და ხელს აფარებდნენ პირზე – გამეტებით ურტყამდნენ თავში, სახეში და წიხლებს მთელ სხეულზე, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და მოკვლით. ცემით და გინებით მიიყვანეს ბუკიას ბაღთან, საიდანაც სამმა პოლიციელმა გადაიყვანა ჯერ სამმართველოში და შემდეგ – დიღმის იზოლატორში”, – აცხადებენ უფლებადამცველ ორგანიზაციაში.

 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...