კიმბერლი ლოუ ამბობს, რომ მისი ინტერვიუს ნაწილი არასწორად გაახმოვანეს
„ინტერვიუს ნაწილი არასწორად გახმოვანდა“ — ამბობს ამერიკელი პოლიტიკოსი კიმბერლი ლოუ, რომლის, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლის ინტერვიუს ამონარიდები პირველმა არხმა და „იმედმა“ გამოაქვეყნეს. მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ინტერვიუს რა ნაწილებზე საუბრობს, ან ვინ დგას ამ „არასწორი გახმოვანების“ უკან.
„ვიდეოს ნაწილი არასწორად იყო გახმოვანებული და მაკავშირებდა მე, კიმბერლი ლოუს, ირანულ რეჟიმთან და სხვა ტყუილებთან. ავტივრთავ სრულ ვიდეოს ინგლისურად, ყველამ რომ ნახოს“, — წერს იგი.
ლოუ თავის განცხადებაში სურვილს გამოთქვამს, რამდენიმე საკითხი განმარტოს, და წერს:
- არარსებული თანამდებობის, ევროკავშირში აშშ-ის შესაძლო წარმომადგენლის, შექმნა მხოლოდ შეთავაზებულია, ხოლო მას არ უთქვამს, რომ ტრამპის გუნდში მუშაობს;
- ამ თანამდებობის პირს შეუძლია, ხელი შეუწყოს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და შუამავლის როლი ითამაშოს საქართველო პოლიტიკურ პარტიებში;
- რომ ესაუბრა თინა ბოკუჩავას და ელის პასუხს ირაკლი კობახიძისგან;
- კონგრესში ინიცირებული „მეგობარი აქტი უსამართლოდ ეპყრობა საქართველოს“;
- აპირებს, საქართველოში ჩამოვიდეს და ყველა დაინტერესებულ მხარესთან გამართოს დიალოგი.
ვინ არის კიმბერლი ლოუ?
როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, გიორგი გვიმრაძის მიერ ჩაწერილი ინტერვიუ ლოუსთან საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში 3 დეკემბერს, ავტორის მითითების გარეშე გავიდა და კიმბერლი ლოუ მაყურებელს წარუდგინეს, როგორც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენელი ევროკავშირში. პოსტში გვიმრაძე აღიარებს, რომ ამ ინფორმაციის ერთადერთი წყარო თავად კიმბერლი ლოუა.
„მე გავხდები შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში. ამ კუთხით შემიძლია, დავეხმარო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში, განვაახლო მოლაპარაკებები ბევრ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, რუსეთთან მიმართებაში”, – ამბობდა ლოუ ინტერვიუში.
გვიმრაძემ მოგვიანებით განაცხადა: „ამ ინტერვიუს გარკვეული ნაწილების გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი ვარ მე და მხოლოდ მე და არავინ ჩემ გარდა“. მან დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი, რომელსაც 2015 წლიდან იკავებდა.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.