ანალენა ბერბოკი - მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ გზას დაუბრუნდეს, სწორედ მთავრობა უხვევს ამ გზიდან მისი სიტყვებითა და მოქმედებებით
მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე განაცხადა, რომლის სიტყვებსაც სოციალურ პლატფორმა X-ზე გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს.
„ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ გზას დაუბრუნდეს. სწორედ მთავრობა უხვევს ამ გზიდან მისი სიტყვებითა და მოქმედებებით“, - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანა ლიურმანი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს დააშინოს და ჩაახშოს ყოველდღიური მასობრივი სახალხო პროტესტი, რომელიც მის ევროკავშირისკენ გზიდან გადახვევასა და ავტორიტარიზმისკენ შებრუნებას მოჰყვა“.
„შეთქმულების თეორიებზე, მათ შორის საქართველოს დასავლელი პარტნიორების შესახებ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული ოპოზიციის ლიდერების გუშინდელი დაკავებები, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას დაკავება, ევროპული ნორმებისა და ევროკავშირის ღირებულებების მორიგი დარღვევაა“, - წერს ანა ლიურმანი.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.