ამირან გამყრელიძე იმ 250-ზე მეტ პროექტსა და პროგრამაზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე „ინტერპრესნიუსთან“ იმ პროექტებსა და პროგრამებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელდა.
როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ამერიკის მხარდაჭერით, ქვეყანაში 250-ზე მეტი დიდი თუ მცირე საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტი განხორციელდა, რომელიც მოგვეხმარა, როგორც პრაქტიკული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების კუთხით, ისე თანამედროვე სტანდარტებით ადამიანური რესურსების მომზადების თვალსაზრისით.
ამასთან, აღნიშნა, რომ 2016-2017 წელს მისი გათვლებით, ჯანდაცვაში, სხვადასხვა დონორული დახმარება 700 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, საიდანაც ლომის წილი70%-მდე აშშ-ს ჰქონდა.
“მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული ყველა მიმართულებით მთავარი პარტნიორია. რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემას, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იანი წლების დასაწყისიდან, რთულად დადგებოდა ფეხზე, რომ არა აშშ-ს პირდაპირი დახმარება. მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის, გაეროს ორგანიზაციების (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს მოსახლეობის ფონდი, ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი და სხვა), საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებაც, მაგრამ მთავარი იყო აშშ-ს დახმარება. ეს გამოიხატებოდა ჰუმანიტარული, ტექნიკური, პროფესიული და ფინანსური მიმართულებებით ხელშეწყობაში.
პირველი: 1992 წელს დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით პირველი ატლანტა-თბილისის პროგრამა, ასევე ამერიკის ჯანდაცვის საერთაშორისო ალიანსის პროექტები. მათ სათავეში ედგა საქართველოს დიდი მეგობარი კენ ვოლკერი და ალიანსის ხელმძღვანელი ჯიმ სმიტი. მათ განახორციელეს რამდენიმე დიდი პროგრამა საქართველოში, რომლის საშუალებითაც ექიმებს მიეცათ აშშ-ში სტაჟირების და განვითარების საშუალება. ძალიან ბევრი ამერიკელი სპეციალისტი სტუმრობდა საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად. განვითარდა ექთნების გადამზადების პროგრამა, ჩამოყალიბდა ე.წ. ეროვნული საინფორმაციო სასწავლო ცენტრი, სადაც ხელმისაწვდომი გახდა ინტერნეტით დიდი საინფორმაციო ბაზები და უახლესი ლიტერატურა, დაიწყო პირველი დისტანციური კონსულტაციები და სამედიცინო კონსილიუმები, რომლებიც ტარდებოდა მაშინდელი ჯანდაცვის ნაციონალური ცენტრის შენობაში. მნიშვნელოვანი იყო მეორე პროგრამა, რომელიც გულისხმობდა საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობების დროს სამედიცინო პერსონალის გადამზადებას თანამედროვე სიმულაციურ კლასებში და ეს ყველაფერი 1995-1996 წლიდან დაიწყო. გასაგებია, ეს ყველაფერი ახლა შედარებით ადვილია.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო USAID-ის პროგრამა (1994-1997 წლები), რომლის საშუალებითაც ერთ-ერთი ცნობილი ამერიკელი ეპიდემიოლოგი, სტენ მუზიკი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრში, CDC-ში ჰქონდა მუშაობის გამოცდილება, გადაამზადა ქართველი ეპიდემიოლოგების პირველი ნაკადი თანამედროვე ეპიდემიოლოგიაში. მისი მოსწავლეები დღეს მუშაობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, ამერიკის CDC-ში, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ქვეყანაში თანამედროვე ეპიდემიოლოგიური კვლევების დანერგვაში. სტენ მუზიკი სერიოზულად მოგვეხმარა ჩვენი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დაფუძნებასა და განვითარებაში ამერიკული მაგალითით (1996 წელს). ამერიკელთა დახმარებით, ამ წლებიდან დაიწყო ქვეყანაში რესპირაციულ ვირუსებზე თანამედროვე ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბება, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა გრიპოზული ინექციების ეპიდაფეთქებების, 2009 წლის გრიპის პანდემიის და ბოლოს 2020-2023 წლის კორონავირუსის 9 პანდემიის მართვაში“,- აღნიშნა გამყრელიძემ.
ამასთან, განმარტა, რომ ის ადამიანები, ვინც რესპირაციული ვირუსები ზედამხედველობის ლაბორატორიაში მუშაობდნენ, მთავარ როლს თამაშობდნენ კორონავირუსის ლაბორატორიული პასუხის ჩამოყალიბებაში.
„ამ ადამიანების ხანგრძლივ გადამზადებაში, ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ამერიკელების როლი უზარმაზარია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა გავი (ვაქცინების გლობალური ალიანსი), რომელიც ხელს უწყობდა განვითარებად ქვეყნებში ვაქცინაციის გამართვას. სწორედ ამერიკელთა დახმარებითაა შექმნილი „გავი“. მათი მეშვეობით, საქართველომ 8 ახალი ვაქცინა დანერგა ჩვენს ეროვნულ კალენდარში. აღსანიშნავია 1994-97 წლებში ჩვენთან დიფტერიის სერიოზული ეპიდემია, სამწუხაროდ, 300-მდე ადამიანი დაგვეღუპა. მაშინ ვაქცინაციის ჯაჭვი მოშლილი იყო, აშშ-ს, USAID-ის დახმარებით, UNICEF-მა შემოიტანა ვაქცინები, ხოლო იაპონია დაგვეხმარა მაცივრებითა და გენერატორით, ავცერით 2 მილიონამდე ადამიანი, შევაჩერეთ ეპიდემია და 1996 წლისთვის აღვადგინეთ თანდათან იმუნიზაციის ჯაჭვი. მნიშვნელობა ჰქონდა სამეცნიერო თანამშრომლობას. სწორედ 1995-1996 წლიდან დაიწყო სამეცნიერო თანამშრომლობა აშშ-ს მსხვილ ინსტიტუციებთან( ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტები -NIH ), CDC და სხვა. დამყარდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა 3 ძირითადი მიმართულებით: ახლადწარმოშობილი ინფექციებისადმი მზადყოფნა, ტუბერკულოზი და შიდსი. ტარდებოდა კონფერენციები, ათობით ადამიანმა გაიარა ხანმოკლე და ხანგრძლივვადიანი კლინიკური და სამეცნიერო სტაჟირებები აშშ-ში. კორონავირუსის პანდემიის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანდაცვის გაზომვათა და შეფასებების ინსტიტუტის მხარდაჭერას, რომელიც სერიოზული პარტნიორია საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თითქმის 2015 წლიდან. ის გვაწვდიდა პროგნოზებს ინფექციის განვითარების სხვადასხვა შესაძლო სცენარების შესახებ“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, CDC საქართველოსთან გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან თანამშრომლობს. 30 წლის განმავლობაში სულ უფრო გაღრმავდა ურთიერთობები, რომლებიც საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მრავალმხრივ გაძლიერებას ემსახურებოდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამა, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდებოდა. ეს იყო საველე ეპიდემიოლოგიის და ლაბორატორიული სწავლების პროგრამა, რომელიც 2008 წლიდან ხორციელდება ქვეყანაში და ხანგრძლივვადიანი პროგრამით 70-მდე სპეციალისტი, ხოლო მოკლევადიან პროგრამაზე 500-მდე ქართველი სპეციალისტი გადამზადდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც აშშ ახორციელებს ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის ფარგლებში საფრთხის შემცირების სააგენტოს საშუალებით, საქართველოში გახლავთ ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპზე დამყარებული ლაბორატორიული ზედამხედველობის პროგრამა.
პროგრამის მხარდაჭერით 2003 წლიდან საქართველოში აშენებულია და აღჭურვილია სხვადასხვა დონის 22 ლაბორატორია, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ელექტრონული ქსელით და შემდეგ უკვე ყველა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურ და ვეტერინარულ ცენტრებთან. ერთიანი ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემის თავში გახლავთ ლუგარის ლაბორატორია, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნაწილია. ის გახლავთ ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორია“,- აღნიშნა გამყრელიძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, 22 ლაბორატორიიდან 10 არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქვეშ, ხოლო 12 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშ.
„ეს ლაბორატორიები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ინფექციური დაავადებების, მათ შორის განსაკუთრების საშიში ინფექციების, ზოონოზური დაავადებების, დროული აღმოჩენისა და პრევენციის პროცესში, ასევე არის ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების ნაწილი. ლაბორატორიების პერსონალი, განსაკუთრებით ლუგარის ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიების, გადამზადებულია ამერიკელთა მხარდაჭერით და ამ სისტემაში ხორციელდება სერიოზული სამეცნიერო კვლევები. ქსელის აშენება, აღჭურვა-გამართვაზე, პერსონალის გადამზადებაზე, სამეცნიერო კვლევებზე 2003წლიდან მოყოლებული დახარჯულია ჩვენი პარტნიორების მიერ დაახლოებით 350 მილიონი დოლარი, რაც გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია აშშ-სი ბიოსამედიცინო სფეროში. მისი განსაკუთრებული როლი კარგად გამოჩნდა კოვიდ პანდემიის პროცესში. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, კადრების მომზადებისთვის საფრთხის შემცირების სააგენტოს დიდ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალთან (BMJ). აღნიშნული საშუალებას აძლევს ქართველ ექიმებს ქართულად მიიღონ უახლესი ინფორმაცია მსოფლიოს ამ უძველესი და მაღალრეიტინგული ჟურნალიდან (სტატიები, მიმოხილვები, სასწავლო მასალები და სხვა უახლესი ინფორმაცია). 5-6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აღნიშნული პროგრამა ამერიკული მხარის მხარდაჭერით. დღეს აღნიშნულ პროგრამა სხვა წყაროების საშუალებით ფინანსდება“,-აღნიშნა გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოგვცა ლიცენზია, რომ ქართულად გვეთარგმნა და გაგვევრცელებინა სამედიცინო ქსელში ყველაზე უფრო ფართოდ აღიარებული რაციონალური ანტიმიკრობული თერაპიის სენფორდის სახელმძღვანელო, რომელიც თითოეული ამერიკელი ექიმის ჯიბის სახელმძღვანელოა.
„USAID-მა საქართველოში სამჯერ დააფინანსა და ქართველებთან ერთად ჩაატარა რეპროდუქციული ჯანმრთელობის დიდი კვლევები ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით. გარდა პირდაპირი ამერიკული მხარდაჭერისა, ამერიკის წილობრივი მხარდაჭერა გლობალურ პროექტებში ძალიან დიდია. ერთ-ერთია აივშიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი, რომელიც გახლავთ განვითარებად ქვეყნებში ამ სამ დაავადებასთან ბრძოლის მძლავრი საერთაშორისო ფინანსური ინსტრუმენტი. თუ სწორად მახსოვს, 65 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯა განვითარებად ქვეყნებში. საქართველომ გრანტის სახით 2003 წლიდან მიიღო 170 მილიონი დოლარი ამ 3 დაავადებასთან ბრძოლისთვის. შედეგი სახეზეა. მალარიის ადგილობრივი შემთხვევები ქვეყანაში აღარ გვაქვს, ტუბერკულოზმა მკვეთრად დაიკლო, შიდსი შეჩერებულია, დაბალი პრევალენტობის არის, ტუბერკულოზისა და შიდსის მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომია უფასოდ. გლობალურ ფონდში ამერიკის შენატანი არის 50%. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ერთ-ერთი უნიკალურია და აქ ამერიკის დახმარება განსაკუთრებულია. საქართველოში ეს პროგრამა 2015 წელს დაიწყო და გამოკვლეულია მოზრდილი მოსახლეობის 80%. 87 ათასმა ადამიანმა იმკურნალა, 99% ვირუსის განულების/განკურნების ეფექტით. წამალს, ამერიკული კომპანია „გილეადი“ გვაწვდის უფასოდ, რომელიც 2015-2017 წლებში 80 000 დოლარის ფარგლებში ღირდა სამთვიანი კურსისთვის. ძალიან ძვირადღირებული კურსი იყო, რასაც აშშ უფასოდ გვაძლევს დღემდე.
გასაგებია, რომ დღეს წამლის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირებულია, მაგრამ ადრეულ ეტაპზე მოგვცა „გილეადმა“ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის გარანტიებით, რომ საქართველო ამ პროგრამას შეასრულებდა, ეს კი მილიარდობით დოლარში გამოიხატება“,-აღნიშნა გამყრელიძემ და განმარტა, რომ ამ პროგრამის შედეგებით, ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირეთ ავადობა, კერძოდ 5.5%-დან 1.8%-მდე ჩამოვიდა, რის შედეგადაც საქართველო გახდა ამ მიმართულებით გლობალური მოთამაშე და ყველა საერთაშორისო თავყრილობაზე საქართველოს მაგალითი განიხილება როგორც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყანა.
როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც მოხდება c ჰეპატიტის ელიმინაცია.
რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიას, როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, ძალიან დიდი იყო მხარდაჭერა კორონავირუსის პანდემიის დროს, კერძოდ, 500 ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა ამერიკამ 2021 წლის ივლისში მოგვაწოდა გრანტის სახით და ასევე მილიონი დოზა ქვეყანამ იყიდა, რითაც შევძელით იმუნიზაციის პროცესის მკვეთრად გაუმჯობესება.
„ასევე სწრაფად მოგვაწოდეს კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“. რაც მთავარია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველო, მისი ჯანდაცვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა ღირსეულ პარტნიორად აღიარა. ამის მაგალითია ის, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლის რეგიონული ოფისი თბილისშია და არა სხვაგან. საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიენიჭა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სათანამშრომლო ცენტრის სტატუსი ჰეპატიტების ელიმინაციის საკითხში, რითაც აღიარებულია ჩვენი სისტემა და მისი მიღწევები ამ დარგში.
ამერიკის შეერთებული შტატები გახლავთ ქვეყნის მთავარი პარტნიორი პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების, სოციალური და ჯანმრთელობის მიმართულებით. აშშ-ში გვყავს ძალიან ძლიერი ქართული სამედიცინო დიასპორა. 2016-2017 წელს დავითვალე და ჯანდაცვაში სხვადასხვა დონორული დახმარება დამოუკიდებლობის პერიოდში 700 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, საიდანაც ლომის წილი 70%-მდე აშშ-ს ჰქონდა. კორონავირუსული პანდემიის დროს დროს, ალბათ მილიარდზე მეტია საერთაშორისო დახმარება და აქაც ალბათ 70% მაინც აშშ-ზე მოდის, რაშიც არ შედის დახმარება C ჰეპატიტის მიმართულებით. ცხადია, ეს ყველაფერი არის ის, რაც ჩემმა მეხსიერებამ შემოინახა. მე ვისაუბრე მსხვილ პროექტებზე, რომელიც ამერიკის დახმარებით განხორციელდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამერიკული მხარის მიერ გაწეული დახმარების სპექტრი გაცილებით ფართოა“,- აღნიშნა გამყრელიძემ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.