ვინ არის კიმბერლი ლოუ, ვისი „ოცნების“ მხარდამჭერი კომენტარებიც საზმაუმ და „იმედმა" გაავრცელეს
3 დეკემბრის საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებელსა და სამთავრობო ტელეარხ „იმედის” ეთერში გავიდა ინტერვიუ კიმბერლი ლოუსთან.
ორივე ტელეარხი მიუთითებდა, რომ ლოუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლად განიხილება.
როგორც 1 არხთან, ისე „იმედთან” კიმბერლი ლოუ აკეთებდა „ქართული ოცნების” მხარდამჭერ კომენტარებს.
მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, „მეგობარი აქტი“ ძალიან უსამართლო იყო საქართველოს კულტურისა და ხალხის მიმართ.
ხოლო სამთავრობო „ტვ იმედის“თანახმად, ლოუმ თქვა, რომ „ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დაგეხმაროთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში“.
კიმბერლი ლოუს განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით „ინტერპრესნიუსმაც“ გაავრცელა.
აღმოჩნდა, რომ კიმბერლი ლოუ არ მუშაობს და არც განიხილება რამე თანამდებობაზე დოლად ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში.
ასევე აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ევროკავშირში არა წარმომადგენელი, არამედ ელჩი ჰყავს და ამ პოზიციას ამჟამად მარკ გიტენშტეინი იკავებს. ამ თანამდებობაზე ის 2022 წელს დაინიშნა.
კიმბერლი ლოუ მართლაც არის რესპუბლიკელი პოლიტიკოსი. მას სურდა ვირჯინიის შტატის სენატორობა, თუმცა, კანდიდატიც კი ვერ გახდა, ვინაიდან პრაიმერიზს გამოეთიშა.
ინტერნეტში კიმბერლი ლოუს შესახებ იძებნება სტატია გამოცემაში Georgia Today. მასში ვკითხულობთ, რომ ბესო შენგელია ეკონტაქტება კიმბერლი ლოუს და მისგან აქვს თანხმობა, რომ მონაწილეობას მიიღებს „მსოფლიო მშვიდობის ფორუმში, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში გაიმართება“.
თავად ბესო შენგელიას 15 აგვისტოს აქვს გამოქვეყნებული ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“. მის პირველ გვერდზე ვხედავთ კიმბერლი ლოუს ფოტოს დონალდ ტრამპთან ერთად. პირველ გვერდზევე წერია, რომ ლოუ პირობას გასცემს, რომ „მსოფლიო მშვიდობის ფორუმს“ ტრამპიც დაესწრება.
თავად ბესო შენგელიამ როგორც 8 ოქტომბერს Georgian Times-ის ეთერში, ისე 31 ოქტომბერს პროსამთავრობო ონლაინგამოცემა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კიმბერლი ლოუ გამოთქვამს მზადყოფნას, „მიიღოს ქართული ტელევიზიები“ იმასთან დაკავშირებით, რომ „დონალდ ტრამპი პირადად იქნება ფორუმის მთავარი საპატიო სტუმარი“ და „ელოდებიან, რომ ტელევიზიების დახმარებით ეს ინფორმაცია გაჟღერდეს“.
თავად ბესო შენგელია ამბობს, რომ ის არის ნობელის პრემიის ნომინანტი მშვიდობის დარგში. ის თავის თავს გამომგონებელსაც უწოდებს.
კიმბერლი ლოუს საკითხს დღეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გვიმრაძე გამოეხმაურა.
მან თქვა, რომ „კიმბერლი ლოუს თავად ესაუბრა“ და რომ „არ თქმულა, რომ ის არის მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენელი“.
„ის შეიძლება გახდეს, რასაც თავად ამბობს ამ ეტაპზე მხოლოდ. და სწორედ ამიტომ, ითქვა, რომ შესაძლოა იყოს. თუმცა ის, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრია და თან კენჭს იყრიდა სენატში, ეს ადვილად იძებნება. მისი კავშირები ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის უკვე დასახელებულ წევრებთანაც იძებნება. ამის გარდა, ქალბატონი კიმბერლი, არაფერს ამბობს ისეთს, რაც არ უთქვამს ტრამპთან დაახლოებულ სხვა ადამიანებს. ამდენად მისი გამონათქვამები, დიდწილად თანხვედრაშია ტრამპის პოლიტიკის ძირითად გზავნილებთან და ეს არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ამ ინტერვიუს გარკვეული ნაწილების გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი ვარ მე და მხოლოდ მე და არავინ ჩემ გარდა”, – თქვა გიორგი გვიმრაძემ.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.