გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - საქართველოში გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ უკიდურესად შემაშფოთებელია
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ძალადობის ფონზე გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები დაიცვას , - ამის შესახებ განცხადებას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა დღეს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს პატივი სცეს და დაიცვას, ოთხი ღამის განმავლობაში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რომლებიც გამოირჩეოდა ძალადობით, პოლიციის მიერ არაპროპორციული და ზოგიერთ შემთხევაში, გადამეტებული ძალის გამოყენების საშუალებით დარბევით.
„გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ უკიდურესად შემაშფოთებელია. ყველა ქართველს, მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, თავისი ქვეყნის მომავლის შესახებ შეხედულებების გამოხატვა თავისუფლად და მშვიდობიანად უნდა შეეძლოს“, - აცხადებს ვოლკერ თურქი.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ქიმიური გამაღიზიანებლები გამოიყენეს. ასევე, ზოგიერთ მათგანს უცნობი პირები დაედევნენ და სცემეს.
ასევე, უმაღლესი კომისარი დემონსტრანტებს საკუთარი უფლებების მშვიდობიანი გზით გამოხატვისკენ მოუწოდებს.
„გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზოგიერთმა უსაფრთხოების ძალებს ქვები, ფოიერვერკები და ბოთლები ესროლა და პარლამენტის შენობა დააზიანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინიმუმ მისი 113 თანამშრომელი დაშავდა“, - ნათქვამია ვოლკერ თურქის ოფისის განცხადებაში.
ვოლკერ თურქის განცხადებით, დარღვევებზე დამნაშავედ გამოვლენილმა ყველა პირმა პასუხი უნდა აგოს და ასევე, დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ განცხადებების გამოძიება უნდა მოხდეს.
მისივე თქმით, ამ მხრივ გამოწვევას სპეცრაზმის ფორმებზე საიდენტიფიკაციო ნომრების ან სახელების არარსებობა წარმოადგენს.
„ეს ინციდენტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დიდი ხნის განმავლობაში არსებული პრობლემის გადაჭრის აუცილებლობას, როდესაც საქმე საქართველოში სამართალდამცავების ინდივიდუალური ანგარიშვალდებულების ჩამოყალიბებას ეხება“, - აღნიშნავს ვოლკერ თურქი.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებით, ცნობები იმის შესახებ, რომ დაკავებულებს შორის ბავშვებიც არიან, განსაკუთრებით შემაშფოთებელია და მათი უფლებები სრულად დაცული უნდა იყოს.
„ყველა, ვინც დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების კანონიერი გამოყენების გამო, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. ყველა სხვა ბრალდებულს სათანადო პროცესის, უდანაშაულობის პრეზუმფციის, ადვოკატის, ასევე, წინასწარი პატიმრობის კანონიერების გასაჩივრების და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარების უფლება გარანტირებული უნდა ჰქონდეს“, - აცხადებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი.
ვოლკერ თურქი საქართველოში საზოგადოების ყველა ნაწილს მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებ საზოგადოების ყველა შემადგენელ ნაწილს, მშვიდობიანი გარემო შეინარჩუნოს და ნებისმიერი უთანხმოება გამჭვირვალე და ინკლუზიური დიალოგის გზით, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დადგენილი სამართლებრივი პროცედურების გამოყენებით გადაჭრას“, - აღნიშნავს ვოლკერ თურქი.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.