შოიგუს განცხადება "ბინძურ ბომბზე" რუსეთის საინფორმაციო კამპანიის და დაშინების პოლიტიკის გაგრძელებაა - ISW
ალიანსის თავდაცვის ოთხ მინისტრთან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, თურქეთი) გუშინდელი სატელეფონო საუბრით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, სავარაუდოდ, ცდილობს შეანელოს ან შეაჩეროს დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის და შეასუსტოს ნატოს კავშირი, წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი(ISW).
ISW შოიგუს განცხადებებს აფასებს, როგორც რუსეთის ადრინდელი დაშინების პოლიტიკისა და საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებას უკრაინის ბრძოლის ველზე მოსკოვის სამხედრო წარუმატებლობის ფონზე.
"თებერვალში, უკრაინაში შეჭრის პირველი ეტაპებიდან, კრემლმა არაერთხელ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები დაეხმარებიან უკრაინას, განახორციელოს შეტევა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ. აპრილში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები პროვოკაციებს ამზადებს რუსეთის შეიარაღებული ძალების ქიმიური, ბიოლოგიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაში დასადანაშაულებლად. 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის წინა დღეს სიტყვით გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ უკრაინა ემზადება რუსეთზე ბირთვული თავდასხმისთვის",- ნათქვამია ISW-ის ანგარიშში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ რუსეთის სახელმწიფო მედიამ ამჯერადაც აიტაცა კრემლის ეს "ყალბი და უაზრო" ინფორმაცია.
რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას აპირებს, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა აშკარა სიცრუე უწოდეს ერთობლივ სამთავრობო განცხადებაში, რომელიც 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე.
მანამდე რუსეთის ხელისუფლება არაერთხელ დაიმუქრა, რომ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ "ყველა საშუალებას" რუსეთის ფედერაციის "სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად".
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრიერიშების ფონზე იზრდება რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინა "ბინძური ბომბის" გამოყენებას აპირებს, აბსურდული და ამასთან, სახიფათოც უწოდა. კულებამ არ გამორიცხა, რომ რუსეთი ამის გაკეთებას თავად აპირებს.
მაგრამ როგორც ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ექსპერტები აცხადებენ, უკრაინის წინააღმდეგ არასტრატეგიული ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებით რუსეთი ვერ მიაღწევს დასახულ მიზანს.
"შოიგუს განცხადება არ უნდა მოასწავებდეს უკრაინის ერთი ან რამდენიმე მსხვილი დასახლებული პუნქტისა თუ კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მოსალოდნელ ბირთვულ ტერაქტს იმ იმედით, რომ ეს შოკში ჩააგდებს უკრაინას და მას კაპიტულაციას, ხოლო დასავლეთს უკრაინისათვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას აიძულებს. ასეთი იერიში, დიდი ალბათობით, ვერ აიძულებს უკრაინასა და დასავლეთს შეწყვიტონ წინააღმდეგობის გაწევა, ვინაიდან უკრაინის მთავრობამ და ხალხმა არაერთხელ გამოხატეს თავიანთი ურყევი ნება, რომ განაგრძონ ბრძოლა; ხოლო დასავლეთისათვის ასეთი საშინელი აქტის მიუხედავადაც კი, ძალიან ძნელი იქნება უბრალოდ ჩაბარება იმ პრეცედენტის გამო, რასაც ასეთი კაპიტულაცია გამოიწვევდა", - ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.
აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი რუსეთს აფრთხილებენ, რომ მსოფლიო კარგად დაინახავს ესკალაციის საბაბად ამ ცრუ მტკიცების გამოყენების ნებისმიერ მცდელობას. მსოფლიოს მაქსიმალურად მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. გასულ ღამით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი აცხადებს, რომ როცა რუსეთის თავდაცვის მინისტრი "სატელეფონო კარუსელს" აწყობს, უცხოელ მინისტრებს ურეკავს და "ბინძური ბომბის" შესახებ უყვება, ყველამ კარგად იცის, რომ ყველანაირი სიბინძურის წყარო რუსეთია.
"ბინძური ბომბი" არის ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც რადიოაქტიური იზოტოპი კონტეინერისგან და ასაფეთქებელი მუხტისგან შედგება. მუხტის აფეთქების შედეგად იზოტოპიანი კონტეინერი იშლება და გახლეჩილი რადიოაქტიური ნივთიერება დარტყმის ტალღით დიდ ფართობზე იფანტება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.