გიორგი გახარია - როცა ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყავი, დღევანდელებივით კი არ ვიმალებოდი, სადმე კონფლიქტი თუ იყო, წინა ხაზზე ვიყავი, კი არ ვქეიფობდი, მაშინ როცა ხალხს არბევდნენ
როცა ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყავი, დღევანდელებივით კი არ ვიმალებოდი, სადმე კონფლიქტი თუ იყო, წინა ხაზზე მე ვიყავი. კი არ ვქეიფობდი, მაშინ როცა ხალხს არბევდნენ, ვიყავი იქ - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გახარია სახალხო დამცველის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ლევან იოსელიანი მასზე საუბრობს და აღნიშნა, რომ სჯობს, სახალხო დამცველმა აქციაზე დაკავებული მოქალაქეები დაიცვას.
„მე, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პასუხისმგებლობას ვიღებ ყველაფერ იმაზე, რასაც მე ვაკეთებ და ვსაუბრობ და რასაც მე მოვუწოდებ. მე როცა ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყავი, დღევანდელებივით კი არ ვიმალებოდი, ხალხს რომ სჭირდებოდა მივდიოდი და ველაპარაკებოდი. სადმე კონფლიქტი თუ იყო, წინა ხაზზე ვიყავი. კი არ ვქეიფობდი, მაშინ როცა ხალხს არბევდნენ, ვიყავი იქ და ყოველთვის ვიყავი პირველი. ჩემს ქვეშევრდომებსა და ჩემს კოლეგებს კი არ ვაბრალებდი რამეს, მათზე კი არ გადამქონდა პასუხისმგებლობა, ამ პასუხისმგებლობას ვიღებდი საკუთარ თავზე. ასე ვიქცევი ახლაც. მე სრულად ვარ პასუხისმგებელი, რასაც ვამბობ და რასაც ვაკეთებ იმაზე.
დღეს საქართველოში არის ივანიშვილის სამართალი. საქართველოში არც კონსტიტუცია არსებობს, აღარც კანონი არსებობს. მაგალითად, სახალხო დამცველი, სამარცხვინო კაცი, რომელიც ახლა აფუსფუსდა. პარტიიდან უთხრეს, დაურეკეს, კაიო, ახლა შენი გინება ჩვენც გვხვდებაო, გაინძერი ცოტა, რაღაც ქენიო. რაღაც სისულელეებს ბოდიალობს იმის მაგივრად, რომ ადამიანებთან ერთად იდგეს და შუაში ჩადგეს იმიტომ, რომ სახალხო დამცველია, რომელსაც ამხელა მანდატი აქვს. დღეს რომ მოიკითხოთ, რამდენიმე დაკავებული ადამიანი ჯერ კიდევ არაა მიყვანილი, არავინ იცის სადაა, სადღაც გზაშია შუაში გაჭედილი, არავინ იცის ზუგდიდში თუ თელავში ჩაიყვანენ, სასამართლო პროცესებს ადვოკატების გარეშე უტარებენ და ნაცემები გამოდიან იქიდან. მე კი არ უნდა მიპასუხოს, საკუთარი საქმე უნდა გააკეთოს. ეს სამარცხვინო სახალხო დამცველი რისთვის იყო არჩეული, ყველამ ვიცით. იყო არჩეული იმისთვის, რომ „გაეპრავებინა" პირველი ხდომა, რაც უკვე გააკეთა. და იყო არჩეული იმისთვის, რომ არჩევნები "გაეპრავებინა", რისი მცდელობაც ჰქონდა. ეს ხომ გააკეთა, მაგაში ფული ხომ აიღო? წავიდეს და ბავშვები მაინც დაიცვას! მეორედ არ გავიგო მაგის ხმა და პასუხი!“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, ლევან იოსელიანი ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა. მან გახარიას მატყუარა უწოდა იმ ინფორმაციის გავრცელების გამო, სადაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი აცხადებდა, რომ მისი პარტიის ათეულობით ადამიანია დაკავებული და სახალხო დამცველი არაფერს აკეთებს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.