Jump to content
Planeta.Ge

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ კლინიკების მიმართ, რომლებმაც კოვიდის პერიოდში დასაქმებულებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები არ ჩაურიცხეს, გამოძიება დაიწყოს


შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე არ გამორიცხავს, რომ კლინიკების მიმართ, რომლებმაც კოვიდის პერიოდში დასაქმებულებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები არ ჩაურიცხეს, გამოძიება დაიწყოს.

როგორც ფერაძემ პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ამ ეტაპზე კლინიკების მიმართ პრევენციული მექანიზმები ამოქმედდა და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, თუმცა, თუ საბოლოო ჯამში კლინიკები დასაქმებულებს თანხებს არ ჩაურიცხავენ, ჯანდაცვის უწყებასთან კოორდინაციით, არ გამორიცხავს, რომ საქმე საგამოძიებო უწყებებს გადაეცეს.

მისივე თქმით, 2021 წელს, დარღვევა 90-მდე კლინიკაში დაფიქსირდა, თუმცა, ნაწილს ეს დარღვევები უკვე გამოსწორებული აქვს.

„2021 წელს ჩვენ ძირითადად კოვიდკლინიკები შევამოწმეთ. დაახლოებით, 90-მდე კლინიკაში დავადგინეთ დარღვევა, რომ არ ხდებოდა იმ ოდენობით თანხის ჩარიცხვა ექთნებზე და ექიმებზე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან იყო განსაზღვრული. დაახლოებით, 10-მდე კლინიკაში კვლავ რჩება მსგავსი პრობლემები, თუმცა, პროცესი დინამიკურია და ყოველდღე ვხვდებით ჩვენ, რომ რამდენიმე ათეული ათასი არის ჩარიცხული სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან. ამის შემდეგ ჩვენთან მომართვიანობა გაიზარდა. რამდენიმე შემთხვევას გავიხსენებ უსაფრთხოებაზე, სულ 2-3 შემთხვევა იყო, მაგრამ ძირითადი მომართვიანობა უკავშირდება ექიმებისა და ექთნების მხრიდან დაგვიანებით ჩარიცხვას, საერთოდ არ ჩარიცხვას ან თანხის დაკლებას. ჩვენ თითოეულ მათგანზე გვაქვს რეაგირება. როდესაც წარმოვადგენთ მომდევნო წელს შეჯამებულ ანგარიშს, ნახავთ, რომ საკმაოდ სოლიდურია ის თანხები, რომელიც ჩვენი აქტივობით ჩაერიცხათ დასაქმებულებს.

ამ ეტაპზე კლინიკების მიმართ პრევენციული მექანიზმები ავამოქმედეთ და ადმინისტრაციული წარმოება დავიწყეთ. ჯერ ჩვენი მანდატის ფარგლებში ვახორციელებთ ღონისძიებებს. თუმცა, თუ საბოლოო ჯამში კლინიკები დასაქმებულებს თანხებს არ ჩაურიცხავენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ჯანდაცვის კომიტეტმა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის ანგარიშს დადებითი შეფასება მისცა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...