Jump to content
Planeta.Ge

„ქართველები უარს ამბობენ რუსეთის კოლონიად გახდომაზე“ – ჰელსინკის კომისია


აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისია ეხმაურება 28-29 ნოემბერს ღამით თბილისში გამართულ პროტესტს.

„ქართველი ხალხი მშვიდობიანად გავიდა ქუჩებში სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიისთვისა და ევროპული მომავლისთვის. მათ შეხვდნენ ძალადობით და რეპრესიით. ისინი უარს ამბობენ რუსეთის კოლონიად გახდომაზე. გვერდზე დავუდგეთ ქართველ ხალხს“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.


28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.

კობახიძის ბრიფინგის შემდეგ მოქალაქეები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ძალადობდნენ მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე. მათ არაერთხელ გამოიყენეს წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც, სავარაუდოდ, გაურკვეველი ნივთიერებები იყო გარეული. გამთენიისას, როცა მოქალაქეთა რაოდენობა შედარებით შემცირდა, სპეცრაზმელები მიმდებარე ქუჩებში, ეზოებში, სადარბაზოებში, აფთიაქებსა და მაღაზიებში დასდევდნენ მოქალაქეებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28-29 ნოემბრის ღამეს, ჯამში, დააკავეს 43 ადამიანი. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. გარდა ამის,ა უწყების ცნობით დაშავდა 32 სამართალდამცველი, რომლიდანაც 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამ ფაქტებზე გამოძება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით დაზიანებას გულისხმობს.

რაც შეეხება ჟურნალისტებს, მედიაჩეკერის ინფორმაციით, აქციაზე 40-მდე ჟურნალისტიდაშავდა. მათ შორის, “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი, გივი ავალიანი.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაგეგმილია დღესაც, 29 ნოემბერს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...