Jump to content
Planeta.Ge

“მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს” – SDA-ის თანამშრომლები “ოცნების” გადაწყვეტილებაზე


სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესის შეჩერების შესახებ.

მათი შეფასებით, ევროინტეგრაციის პროცესის შეუქცევადად გაგრძელება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების პირობები ჰქონდეთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სააგენტოს ყოველდღიური მუშაობა. თუმცა, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ამ მიზანს და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

“ვაცხადებთ, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მთლიანად ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყნის განვითარებას, თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქის საჭიროებაზე ორიენტირებული საჯარო მმართველობის სისტემის შექმნას, რაც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების საფუძველია (მაგალითად: სააგენტოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ვიზალიბერალიზაციის, სერვისების მიწოდების ევროპული პრაქტიკის იმპლემენტაციის, კვალიფიციური, სანდო მომსახურების დანერგვასა და სხვა მნიშვნელოვან პროცესებში). ევროპული სტანდარტების დანერგვა ჩვენი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით უდიდეს ენერგიასა და რესურსს ვხარჯავთ. ეს არ არის მხოლოდ პროფესიული მოვალეობა, არამედ პასუხისმგებლობა თანამოქალაქეებისა და სამშობლოს მომავლის წინაშე […]

ვაგრძელებთ მუშაობას იმ პასუხისმგებლობით, რაც აკისრია სააგენტოს და თითოეულ ჩვენგანს, რათა მოქალაქეები კიდევ უფრო სწრაფად და ინტენსიურად გრძნობდნენ იმ ცვლილებებს, რაც ევროპასთან დაახლოებას მოაქვს. ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, გავაგრძელოთ საქმიანობა შეუფერხებლად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად და დავიცვათ ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი ფასეულობები. ვრჩებით ერთგულნი ქვეყნის, მისი კონსტიტუციის, კანონის, საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების, ხალხისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ, რაც თავის მხრივ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და განმტკიცებული დათქმაა”, – წერია სააგენტოს თანამშრომელთა ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას 100-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, თუმცა სია განახლებადია.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ერთობლივი განცხადებებით გააკრიტიკეს საგარეო და განათლების სამინისტროების თანამშრომლებმაც.

ამავე თემაზე:


28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.

კობახიძის ბრიფინგის შემდეგ მოქალაქეები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ძალადობდნენ მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე. მათ არაერთხელ გამოიყენეს წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც, სავარაუდოდ, გაურკვეველი ნივთიერებები იყო გარეული. გამთენიისას, როცა მოქალაქეთა რაოდენობა შედარებით შემცირდა, სპეცრაზმელები მიმდებარე ქუჩებში, ეზოებში, სადარბაზოებში, აფთიაქებსა და მაღაზიებში დასდევდნენ მოქალაქეებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28-29 ნოემბრის ღამეს, ჯამში, დააკავეს 43 ადამიანი. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. გარდა ამის,ა უწყების ცნობით დაშავდა 32 სამართალდამცველი, რომლიდანაც 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამ ფაქტებზე გამოძება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით დაზიანებას გულისხმობს.

რაც შეეხება ჟურნალისტებს, მედიაჩეკერის ინფორმაციით, აქციაზე 40-მდე ჟურნალისტიდაშავდა. მათ შორის, “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი, გივი ავალიანი.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაგეგმილია დღესაც, 29 ნოემბერს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...