„ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა ხალხს" - პრეზიდენტმა ელჩებს, ჯარსა და პოლიციას მიმართა
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას აჩერებს, პრეზიდენტი ევროკავშირის წევრები ქვეყნების ელჩებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც მან მიმართა პოლიციას, ჯარს და დიპლომატიურ კორპუსს.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც ელჩებს მოუწოდა, დღესვე მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც აქამდეც უნდა მიეღოთ.
„დღეს წერტილი დაესვა იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას, რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე კვირა თუ თვეა. დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო რამდენიმე თვე, თუ მეტი არა, ევროპიდან რუსეთისკენ.
თუ ვინმეს ჰქონდა რაღაც ეჭვი, რომ შეიძლება მაინც სხვა ახსნა აქვს [„ქართული ოცნების” ქმედებებს], ყველა ეს ეჭვი გაიფანტა დღეს. დღეს ამ არარსებულმა, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა არა მშვიდობა, არამედ ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულს და მომავალს, ჩვენს მომავალს, ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის მომავალს. იმიტომ, რომ ამ გზაზე არ არსებობს არც სახელმწიფოებრიობა, არც დამოუკიდებლობა, არც მომავალი, გარდა რუსეთში.
მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები. ელოდებოდნენ, რომ შეიძლება კიდევ რაღაც არის დასამტკიცებელი. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი, ეს კიდევ ერთხელ ვუთხარი მათ. ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე არ ხედავს რომ ნათელია, ის მაინც არის მტკიცებულება, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა თავისი კმაყოფილება ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება. ეს მაინც არის მტკიცებულება იმის, თუ რაც ხდება.
მათ მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენხანს იყო მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი და ხალხის მოთხოვნა – ახალი არჩვების დანიშვნა და ჩატარება. ეს რის ჩვენი გამოსავალი და რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით”, – განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა მიმართა ქართულ ჯარსაც და აღნიშნა, რომ ის არის ქვეყნის ყველაზე ერთგული და ყველაზე მეტად მათ სტკივათ, რომ ქვეყანა რუსეთს უბრუნდება.
„მე მინდა მივმართო ქართულ ჯარს, იმ ჯარს, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად გული სტკივა. რომელსაც დღეს არანაირი მოქმედება არ შეუძლია და არც ევალება, მაგრამ ის არის ყველაზე ერთგული ამ ქვეყნის, რომელსაც ყველაზე უფრო გული სტკივა, რომ ეს ქვეყანა უბრუნდება იმ რუსეთს, რომლიდანაც ჩვენ ძლივს გამოვედით, დავამტკიცეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ამ შენობაში [ორბელიანების სასახლე] გამოფენილია ყველა ჩვენი ეროვნული გმირის პორტრეტი და ეს იქნება აქ, ვერავინ ვერ მოხსნის, როგორც ვერავინ ვერ წაგვართმევს დამოუკიდებლობას”, – თქვა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადება მიმართული იყო პოლიციის მიმართაც – პრეზიდენტმა მათ მოუწოდა, ემსახურონ სახელმწიფოს და არა „მონებს, რუსებსა და მოღალატეებს”.
„მინდა მივმართო პოლიციას, ნამდვილ პოლიციას. იმ პოლიციას, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს. თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი არ ხართ, თქვენი მოვალეობაა მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები, რუსები და მოღალატეები. თქვენც აიღეთ თქვენს ხელში ის, რაც არის თქვენი გადასაწყვეტი”, – თქვა პრეზიდენტმა.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების სურვილს გამოხატავს და ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ავალდებულებს „მიიღონ ყველა ზომა“ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.