ოპოზიციის რეაქცია მთავრობის გადაწყვეტილებაზე, 2028-ის ბოლომდე გააჩეროს EU-ში გაწევრიანების პროცესი
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეხმაურებიან მთავრობის დღევანდელ, 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, 2028-ის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გააჩეროს.
პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ოფიციალურად შეცვალა ქვეყნის დასავლური კურსი.
„გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით, რაც გაახმოვანა არალეგიტიმური პრემიერის, კობახიძის ენით. გასაგებია, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მოღალატეობრივი ამ ნაბიჯის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერც ერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა“, – აცხადებს იგი.
„ერთობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინა ბოკუჩავა კი მიიჩნევს, რომ „ოცნებამ“ უბრალოდ დაასწრო ევროკავშირს, სანამ უკანასკნელი თავად გაწყვეტდა ურთიერთობებს.
„ქართულ ოცნებად წოდებულმა რუსულმა კოშმარმა იცოდა, რომ ევროპარლამენტის უმძიმესი რეზოლუციის შემდეგ, ჩამოვიდოდა ევროკავშირის მისია, რომელიც გამოავლენდა, რომ 26 ოქტომბერს მათ ჩაატარეს რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ამიტომ დაასწრეს ამ გადაწყვეტილებას და თავად გაწყვიტეს ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი. რას ვაკეთებთ ჩვენ? ან ვიბრძვით, ან ვბარდებით რუსეთს – არჩევანი ჩვენია“, – წერს იგი.
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ „დე ფაქტო აღიარა, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა“.
„ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა“, – აღნიშნავს იგი.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია კი წერს, რომ საქართველომ „იანუკოვიჩზე ბევრად უარესი მიიღო“.
„ველოდით იანუკოვიჩ, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი. საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, ღიად და ცალსახად უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე. P.S.: 9 მაისს რუსების პარადზე რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი იდგება, იმედია, ყველასთვის გასაგებია“, – წერს იგი.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.