საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - თურქეთმა სრულად აითვისა რუსეთის მეთოდები, ის ნათლად აცხადებს, „ფრთხილად იყავით, თუ არ გსურთ, გახდეთ შემდეგი უკრაინა“
თურქეთმა სრულად აითვისა რუსეთის მეთოდები. ის ნათლად აცხადებს, „ფრთხილად იყავით, თუ არ გსურთ, გახდეთ შემდეგი უკრაინა“, – ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
„საბერძნეთსა და უკრაინას საერთო გამოწვევები აქვთ, რადგან ორივე ქვეყანას აღმოსავლეთის საზღვრებზე დიდი, აგრესიული მეზობელი ჰყავს. ორივე მეზობელი ამტკიცებს, რომ ჩვენი ტერიტორიები არასწორად იყო შექმნილი წარსულში რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებისგან“, – განაცხადა საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, საბერძნეთისა და უკრაინის აღმოსავლელი მეზობლებისთვის საზღვრები ხელოვნურია.
„საბერძნეთისა და უკრაინის აღმოსავლელი მეზობლებისთვის საზღვრები არ არსებობს, ისინი ხელოვნურია, შესაბამისად, ღიად სადავო; როგორც საბერძნეთი, ასევე უკრაინა აკონტროლებენ ტერიტორიებს, რომლებიც არ არის ჩვენი: ყირიმი, დონბასი, ეგეოსის ზღვის კუნძულები; საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ შეზღუდული სუვერენიტეტი ამ ტერიტორიებზე მათი დემილიტარიზაციის გზით. ამ რევიზიონისტული ნარატივის მიხედვით, ჩვენი ქვეყნები არღვევენ „ეთნიკური“ უმცირესობების უფლებებს. შეჭრის მუქარა, რომელიც უკრაინის შემთხვევაში, უბრალო საფრთხედ არ დარჩენილა, შერწყმულია ჰიბრიდულ ომთან ყველა ხერხის გამოყენებით, როგორიცაა მიგრაციის შეიარაღება და ენერგიის ნაკადების შეწყვეტა. პროპაგანდისტული ომი და პირადი თავდასხმები ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ასევე ამ ჰიბრიდული ომის ნაწილია“, – განაცხადა ნიკოს დენდიასმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.