Jump to content
Planeta.Ge

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს


ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებს და „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებას ითხოვს.

რეზოლუციას მხარი 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 72-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

ბიძინა ივანიშვილის გარდა, სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებისთვისაც ითხოვს.

რეზოლუცია, სახელწოდებით „გაღრმავებული დემოკრატიული კრიზისი საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო საარჩევნო გაყალბების შემდეგ“, ასევე ითხოვს ბიძინა ივანიშვილისთვის მიზნობრივი სანქციების დაწესებას.

„[ევროპარლამენტი] მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალური პირებისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევაზე, ადმინისტრაციულ ძალადობასა და საჯარო ინსტიტუტების არასწორ გამოყენებაზე, მათ შორის: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს კახა კალაძეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს. და გაავრცელონ ეს სანქციები იმ მოსამართლეებზე, რომლებსაც გამოაქვთ პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები.

კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოს და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუყოვნებლივ დააწესონ მიზნობრივი სანქციები პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და გაყინონ მთელი მისი ქონება ევროკავშირში, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის და ქვეყნის კონსტიტუციურად გაცხადებული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებისთვის, ქვეყანაში რუსული გავლენის აღდგენის მცდელობების ჩათვლით“, – ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში.

გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია, რომ „ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულებისთვის და მოუწოდებს კომისიასა და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს, მისი შეჩერების შესაძლებლობით, თუკი ჩაითვალა, რომ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესახებ არ არის დაცული“.

ასევე, რეზოლუციის პროექტში არის მოთხოვნა ჰუმანიტარული მიზნით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.

როგორც რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არ იცავდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს.

რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია, რომ არჩევნებზე კიდევ ერთხელ გამოვლინდა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება.

ამასთან, რეზოლუციის პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ დარღვევების მასშტაბის გამო სერიოზულად შელახულია ლეგიტიმურობა და საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები.

„შესაბამისად, [ევროპარლამენტი] უარყოფს საპარლამენტო არჩევნების ნებისმიერ აღიარებას და მოუწოდებს მათ [საქართველოს მთავრობას],ერთი წლის განმავლობაში, ხელახლა ჩაატაროს არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

ამასთან, რეზოლუციის პროექტი მხარს უჭერს არჩევნებთან დაკავშირებით დამოუკიდებელ, გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიებას და მიესალმება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გადაწყვეტილებას საქართველოში ტექნიკური მისიის გაგზავნის შესახებ.

როგორც რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლებას განზრახ მიჰყავს ქვეყანა შიდაპოლიტიკური კრიზისისა და საქართველოს დემოკრატიული პარტნიორებისგან საერთაშორისო იზოლაციისკენ.

რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირს, მკაცრად შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები ევროკავშირის დონეზე საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან. ასევე, ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების მიერ განხორციელებული პოლიტიკა შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან.

გარდა ამისა, მოუწოდებს საბჭოს, კომისიას, EEAS-ს და ევროკავშირის ახალ უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჩაატარონ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ყოვლისმომცველი მიმოხილვა და გადახედვა.

ასევე, მოუწოდებს კომისიას, გამოიყენოს გაყინული 120 მილიონი ევრო- რომელიც თავდაპირველად განზრახული იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის-  საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით კი არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად.

 

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...