ჯილდო ივანიშვილისთვის და პრემიების გაზრდა სპორტსმენებისთვის – პეტრიაშვილის და ტალახაძის ინიციატივები
დღეს, 27 ნოემბერს, პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტებზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას, ოლიმპიური ჩემპიონები და ამჟამად „ქართული ოცნების“ დეპუტატები, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე თავიანთი ინიციატივებით გამოვიდნენ.
გენო პეტრიაშვილის ინიციატივა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის უმაღლესი ჯილდოს გადაცემას გულისხმობს.
„პატარა ინიციატივით შემოვდივარ. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო „ქართუ ფონდსა“ და ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ დიდი შრომა და თავდადება გაწია ჩვენი სპორტის განვითარებისთვის. ხომ არ აჯობებდ,ა უმაღლესი ჯილდო გადაგვეცა ამ თავდადებული კაცისთვის სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის ასე გვერდში დგომისთვის?!“- განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.
ლაშა ტალახაძემ კი იკითხა, ხომ არ იგეგმება სპორტსმენებისთვის სამთავრობო პრემიების გაზრდა.
„სანაკრებო დონეზე სპორტში 2012 წლიდან ჩართული ვარ და ვხედავთ, როგორ წინ მივიწევთ და ვითარდება სპორტი. ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის მხარდაჭერაა და მადლობა ამ გვერდში დგომისთვის. ვიტყვი, რომ არა მარტო პირად სახეობებში, არამედ გუნდურ სახეობებში ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს და მინდა, რომ ეს ასე გაგრძელდეს. ბევრჯერ მიფიქრია და ჩემი სპორტული გამოცდილებიდან გამომდინარე ვფიქრობ ხოლმე, რომ ალბათ წარმატების პიკში ვართ. ახლა სჭირდება სპორტს ყველაზე დიდი ხელშეწყობა. მჯერა და მწამს, რომ ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც კიდევ უფრო მეტად განავითარებს სპორტს. ვინაიდან ბევრ სპორტსმენს, ვინც წარმატებს აღწევს, გვიფასდებოდა და გვიფასდება პრემიების სახით, ზუსტად ამაზე მაინტერესებს – ხომ არ იგეგმება პრემიების ცვლილებაზე მთავრობის მხრიდან რეფორმა?“- განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.