ბექა ლილუაშვილი - ჩვენ არ ვართ წარმოდგენილი პარლამენტში, ჩვენი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს - მანდატებთან დაკავშირებით ნაბიჯებს გადავდგამთ იმ ფორმით და იმ დროს, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლით
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, როდის შეწყვეტს პარტია საპარლამენტო მანდატებს და რა ფორმით, ეს თვითონ პარტიის გადასაწყვეტია, რასთან დაკავშირებითაც საკუთარ ამომრჩეველთან კომუნიკაცია აქვთ.
„პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარებას და პარლამენტის ლეგიტიმაციის განსაზღვრას იწვევს არა განცხადებების დაწერა, არამედ ის, რომ ჩვენ ამ პარლამენტში არ ვართ წარმოდგენილი და ის, რომ არც საქართველოს მოქალაქეები და არც ჩვენის საერთაშორისო პარტნიორები არ თვლიან ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, ისევე, როგორც ჩვენ პოლიტიკური ძალები ოპოზიციური ფლანგიდან. ამიტომ, ახლა, ამ საკითხის წარმოჩინება ისე, რომ ეს განსაზღვრავს ან არ განსაზღვრავს ლეგიტიმაციას, მსუბუქად, რომ ვთქვათ, ეს არის უბრალოდ, საკითხის უცოდინარობა.
ჩვენ ამომრჩეველს, რა კითხვებიც უჩნდებათ, ვპასუხობთ ძალიან ღიად და გულწრფელად. ჩვენ, როდის შევწყვეტთ ამ მანდატებს და რა ფორმით, ეს ჩვენი გადასაწყვეტია და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ამომრჩეველთან კომუნიკაცია გვაქვს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პარლამენტს, ისევე, როგორც პარლამენტიდან გამომდინარე ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესს, ეს იქნება პრეზიდენტის არჩევა, თუ მთავრობის დამტკიცება, ლეგიტიმაცია არ ჰქონდეს.
„ჩვენ არ ვართ წარმოდგენილი ამ პარლამენტში, ჩვენი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს. დანარჩენი, ტექნიკურ და რიტუალურ საკითხებზე პოზიცია ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არ მოვექცევით არცერთი მხარის გავლენის ქვეშ და გადავდგამთ მანდატებთან დაკავშირებით ნაბიჯებს, იმ ფორმით და იმ დროს, როდესაც ამას საჭიროდ ჩავთვლით“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.