„რუსეთის ჩემპიონი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატია“ — რას წერს რუსული მედია ყაველაშვილის კანდიდატურაზე
რუსული მედიასაშუალებები – განსაკუთრებით, სპორტული მიმართულების – საინტერესოდ აშუქებენ „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატადად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას.
ისინი იხსენებენ ეპიზოდს ყაველაშვილის საფეხბურთო კარიერიდან, როცა 1995 წელს ალანიას „სპარტაკის“ შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონი გახდა.
„ფეხბურთში რუსეთის ჩემპიონი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა“ — ასეთი ან მსგავსი სათაურით მასალა სულ მცირე რვა რუსულმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა. მათ შორისაა რუსეთში საკმაოდ პოპულარული „მატჩ-ტვ“.
„ქართულმა ოცნებამ“ მომავალ პრეზიდენტად ყოფილი ფეხბურთელი და ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ყაველაშვილი სამი მოწვევის პარლამენტის წევრია, რომელმაც საზოგადოებას თავი გინებით, ჩხუბით და ანტიდასავლური განცხადებებით დაამახსოვრა.
2022 წელს, მე-10 მოწვევის პარლამენტში ყოფნისას, მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, „ქართული ოცნება“ დატოვა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩა. „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატებმა მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს და თქვეს, რომ ასე უკეთ შეძლებდნენ „კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის გატანას“ და საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას. „ხალხის ძალა“ იქცა „ოცნების“ მთავარ რუპორად მმართველი პარტიის მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდისა, თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო დაისაჯა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს ამიტომ ვერ მიიღო.
2022 წელს სწორედ მიხეილ ყაველაშვილმა გაავრცელა ღია წერილი აშშ-ის მაშინდელი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ, სადაც აცხადებდა, რომ საქართველოს ომში ჩართვის სურვილი მოდის არა რუსეთისგან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან. თუმცა წერილმა კითხვები გააჩინა, იყო თუ არა ნამდვილად ყაველაშვილის დაწერილი, რის გამოც „ხალხის ძალის“ წევრს მტკიცება მოუწია, რომ ტექსტის ავტორი თავად იყო. თავად კელი დეგნანმა კი ყაველაშვილის წერილს ტყუილებზე აგებული უწოდა და განაცხადა, რომ „ბოლომდე ვერც კი წაიკითხა“.
თავდაპირველად სწორედ „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მომზადდა მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავი რუსული კანონი, რომელიც მათ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას ითვალისწინებს. მართალია, პირველ ეტაპზედ „ხალხის ძალის“ სახელით შემუშავებული კანონპროექტი საზოგადოებრივი პროტესტის გამო ვერ მიიღეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ პარლამენტში „ოცნების“ ხელმოწერით შემოაბრუნეს და საბოლოოდ დაამტკიცეს.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი უდიპლომო პრეზიდენტი იქნება. საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის პრეზიდენტს განათლების ცენზს არ უწესებს. თუმცა მიხეილ ყაველაშვილს უმაღლესი განათლება დასჭირდა 2015 წელს, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურდა. მაშინ სწორედ უმაღლესი განათლების არქონის გამო ვერ შეძლო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა.
დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ ყაველაშვილის ერთადერთი ქონება 22 000 დოლარიანი ავტოფარეხია. თუმცა ყაველაშვილი იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებიც ქონებრივი დეკლარაციის შევსებას პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან. საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციის არასწორი შევსების გამო ის არაერთხელ დაუჯარიმებია.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.