აქციის მონაწილე ამბობს, რომ პოლიციელებმა ჯერ დაკავებისას სცემეს, შემდეგ განყოფილებაში
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ანატოლი გიგაური ჰყვება, რომ აქციაზეც და განყოფილებაშიც პოლიციამ აქეთ სცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა.
როგორც ანატოლი გიგაურმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, 25 ნოემბერს, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ მოძრაობის დროს, მას პოლიციელმა სახელი მუშტი დაარტყა:
“ჩვენ ვმოძრაობდით რუსთაველზე. გვერდიდან დაახლოებით, ხუთი პოლიციელი გადმოვიდა და ჩაგვიკეტეს გზა. ერთ-ერთი ტანად დაბალი იყო, მანქანიდან შეიძლებოდა მძღოლს ვერ დაენახა და უბედურება მომხდარიყო. მივედი და ვუთხარი, მანქანამ არ გადაგიაროს თქო. მოვკიდე ამ გოგონას ხელი, წინააღმდეგობა არ გაუწევია და გავიწიეთ, ჩემს უკან რომ მანქანას გაევლო.
ამ დროს სახეში მხვდება მუშტი. ხელის მოხვედრისთანავე წავავლე ხელი პოლიციელს, რომელმაც მე ხელი დამარტყა და ვეუბნები: რატომ დამარტყი ხელი? ამ დროს დედა შემაგინა და დასარტყმელად ხელი კიდევ მოიღერა. ამ დროს მდგომარეობიდან გამოვედი და მოშორების მიზნით ვკარი ხელი.”
მისივე თქმით, ამ მოვლენების შემდეგ, დაახლოებით, საათსა და ნახევარში აქციიდან წამოვიდა:
“სანაპიროთი წამოვედით „ვეფხი და მოყმეს“ მხარეს. პოლიციამ უკნიდან გვანიშნა, რომ გაგვეჩერებინა მანქანა. მძღოლმა მანქანა გააჩერა თუ არა, ჩვენს გვერდით საპატრულო პოლიციის მეორე მანქანაც გაჩერდა. წრე შემოგვარტყეს.
კარი გავაღე, დავდექი და ხელი დავალაგე საპატრულო მანქანის საბარგულზე, წინააღმდეგობას არ გიწევთ-მეთქი. ამ დროს მომვარდა ორი პოლიციელი და ზურგს უკან ხელბორკილები დამადეს. მერე მესმის ხმები, აქეთ გამოიყვანეო. მანქანის უკან გამიყვანეს, ამბობდნენ, ვის დაარტყი ხელიო და თან თავში უამრავი რაღაც მომხვდა. დაბლა ვიხედებოდი, მაღლა ვერ ვწევდი თავს. დამახეთქეს ძირს და რაღაც დროის განმავლობაში მცემდნენ. შემდეგ ამაყენეს ფეხზე, უკვე სისხლი მომდიოდა, სურათები გადამიღეს,” – იხსენებს ანატოლი გიგაური.
ანატოლის მონათხრობის მიხედვით, ამის შემდეგ ის საბურთალოს პოლიციაში წაიყვანეს:
“გზაში სხვადასხვა პოლიციელი დამიჯდა გვერდით და ცდილობდნენ, რომ სისხლდენა შეეჩერებინათ. მანქანა გააჩერეს, აფთიაქში შევიდნენ, რაღაც საშუალებები იყიდეს და ვაშლიჯვრის ასახვევში სისხლი მომწმინდეს. გზაში ურეკავდნენ ჩემს გვერდზე მჯდომს, ეკითხებოდნენ, სისხლი თუ შეუწყვიტეთო?
შემდეგ საპატრულოს შენობაში მიმიყვანეს. ერთ-ერთ ოთახში შემიყვანეს, მკითხეს, კაცურად გვითხარი, რა მოხდაო. სისხლზე ვანიშნე, ეს მოხდა-მეთქი. მაძალებდნენ, რომ ეს ტანსაცმელი გამეხადა და მათი მოტანილი ტანსაცმელი ჩამეცვა, რაზეც უარს ვაცხადებდი.”
მისივე განცხადებით, პოლიციის განყოფილებაში მას ისევ სცემეს:
“ჩემთან მოვიდა ის პირი, რომელმაც ხელი დამარტყა და რომლის მოშორებასაც მე ვცდილობდი. შემოვიდა ოთახში და მითხრა, რომ ეს ტანსაცმელი ჩაიცვიო. მე ვუთხარი, არა. უარის შემდეგ, მომკიდა ხელი და თავში ერთი ათჯერ ჩამარტყა. შემოვიდნენ საპატრულოს თანამშრომლები, ხომ გითხარით ხელი არ დაარტყაო და ეს ბიჭი გაიყვანეს.
მერე მეუბნებოდნენ, ამაზე ხელი მოგვიწერე, იმაზე ხელი მოგვიწერეო, არაფერზე არ მოვაწერე ხელი,” – აღნიშნავს ანატოლი გიგაური.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მუქარას ან ძალადობას. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პოლიციამ რამდენიმე დღის წინ თსუ-სთან აქციაზე დააკავა 21 წლის მათე დევიძეც, რომელსაც 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლო აჭიანურებს აპრილი-მაისის მოვლენებისას, რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის საქმეების განხილვას.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.