გიორგი გახარია - ჩვენი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 29 დეკემბერს დანიშნულ ინაუგურაციის ღონისძიებას არ უნდა დაესწროს საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ივანიშვილი შეეცდება, ეს გამოიყენოს როგორც გაყალბებული არჩევნების, უკანონო პარლამენტის, უკანონო მთავრობის, უკანონოდ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის და აღიარების მისაღწევად.
„მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნების კანონიერება, გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტის სხდომა ჩაატარა სრულად უკანონოდ.
შესაბამისად, საპარლამენტო რესპუბლიკაში უკანონოდ აირჩა პარლამენტის თავმჯდომარე და უკანონოდვე აირჩევენ მთავრობას.
ამავე უკანონო პარლამენტმა დღეს, საარჩევნო ვადების უხეში დარღვევით, დანიშნა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს.
როგორც პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა საერთაშორისო ლეგიტიმაციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გარეშე, პრეზიდენტის 29 დეკემბერს დანიშნულ ინაუგურაციას არ უნდა დაესწროს დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლობა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი შეეცდება ეს გამოიყენოს როგორც გაყალბებული არჩევნების, უკანონო პარლამენტის, უკანონო მთავრობის და უკანონოდ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის და აღიარების მისაღებად.
ერთპარტიულად, კონსტიტუციის დარღვევით არჩეული პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს არც ხალხის და არც საერთაშორისო საზოგადოების ლეგიტიმაცია.
ამისთვის ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს საკრებულოს წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, „ოცნების“ და „ნაცების“ მერე საარჩევნო კოლეგიაში გვაქვს ყველაზე მეტი ხმა, პრეზიდენტის არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.
მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და მათ წარმომადგენლებს საკრებულოებში, არ მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევნებში.
ახლა ვიმყოფებით კრიზისის პირველ ფაზაში და ჩვენი მიზანია, ქვეყანა არ გადავიდეს კრიზისის უფრო მძიმე ფაზაში და ამისთვის, იმისთვის, რომ არსებული კრიზისიდან სწრაფად და მინიმალური დაზიანებით გამოვიდეთ, საჭიროა, რომ არც ამ არჩევნებს, არც ამ პარლამენტს, არც პარლამენტის მიერ არჩეულ მთავრობას და პრეზიდენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია“, – განაცხადა გახარიამ.
გახარია ამბობს, რომ ისინი მიიჩნევენ, პრეზიდენტი კვლავ პირდაპირი გზით უნდა აირჩიონ.
მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვის აირჩევენ პრეზიდენტობის კანდიდატად, მთავარია, არ მოხდეს გაყალბებული არჩევნების და უკანონო პარლამენტის ლეგიტიმაცია.
„მთავარია, პრეზიდენტის არჩევის პროცედურაში არავინ არ მიიღოს მონაწლეობა ერთი პარტიის გარდა და ეს ერთი პარტია „ოცნება“ თუ იქნება, აირჩიონ თავისი პრეზიდენტი და ივანიშვილს ეყოლება თავისი პარლამენტის თავმჯდომარე, თავისი მთავრობის თავმჯდომარე, თავისი პრეზიდენტი, თავისი თოჯინების თეატრი ეყოლება და მერე დააყენებს ხოლმე და ათამაშებს, ერთს ერთს ათქმევინებს, მეორეს – მეორეს და გაერთობა ასე“, – განაცხადა გახარიამ.
საარჩევნო კოლეგიის დასაკომპლექტებლად სიების წარდგენის ბოლო ვადაა არაუგვიანეს 28 ნოემბერი.
5 დეკემბრამდე უნდა წარადგინონ პრეზიდენტობის კანდიდატები.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დანიშნა. ინაუგურაციის ჩატარების თარიღად 29 დეკემბერი განისაზღვრა.
პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი არჩევნების გზით აღარ ჩატარდება.
მომავალ პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით აირჩევს საარჩევნო კოლეგია.
კანონმდებლობით, საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი.
საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს ცესკოს მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.
„ამ 300 წევრიდან 150 გახლავთ პარლამენტის წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა – 21 წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა – 20 წევრი, დარჩენილი 109 წევრი დაკომპლექტდება საკრებულოების წევრებისგან იმ პროპორციულობით, რომელიც დადგა 2021 წლის არჩევნების შედეგად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.