Jump to content
Planeta.Ge

პარტია “საქართველოსთვის” მხარდამჭერებს მოუწოდებს, 25 ნოემბერს პარლამენტთან შეიკრიბონ


ხვალ, 25 ნოემბერს, 9:00 საათზე პარტია საქართველოსთვის პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს.

“25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა შეიკრიბება, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და ნდობა არ აქვს. ეს პარლამენტი ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას!

ხვალინდელ სხდომას ასევე არ დაესწრენიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები! ამ პარლამენტს არც საერთაშორისო აღიარება აქვს!

ამიტომ, ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში. ქართველი ხალხის გაბრაზებული ხმა უნდა გავაგონოთ ყველას, ვინც ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი მოპარა და უნდა დავანახოთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, თუ სად დგას ქართველი ხალხი და მათი ნება!

ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი და ჩვენი მშვიდობიანი ხმა გავაგონოთ ყველას,” – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც პარტიამ ფეისბუგის გვერდზე გაავრცელა.

როგორც ცნობილია, 25 ნოემბერს “ქართული ოცნება” გეგმავს პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებასა და საკუთარი უფლებამოსილების ცნობას. პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა. ამავე დღეს, 09:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან გაიმართება აქცია “დაიბრუნე ხმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. სამინისტრო აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პოლიციის პოზიცია მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევაა.

მან და 34-მა დეპუტატმა არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა  კონსტიტუციონალისტების განცხადებით, სანამ სასამართლო სარჩელს არ განიხილავს, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...