ჯაბა სამუშია - არჩევნები რომ სპექტაკლი ყოფილიყო, უნივერსიტეტში მეგობარს ვთხოვდი: „მოდი, შენც შემოიტანე საბუთი“ და გარკვეულწილად დემოკრატიას ვითამაშებდი, მაგრამ ასე არ ყოფილა
ეს არჩევნები რომ დადგმული სპექტაკლი ყოფილიყო, უნივერსიტეტში ვინმე მეგობარს ვთხოვდი: „მოდი რა, შენც შემოიტანე საბუთი“ და ამით გარკვეულწილად დემოკრატიას ვითამაშებდი , - ამის შესახებ თსუ-ის ახლახან არჩეულმა რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ჯაბა სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არავის მოუნდა მის გარდა თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე საქმიანობა.
სამუშიას განმარტებით, ის ვერ გასცემს პასუხს იმაზე შეკითხვას, თუ სხვამ რატომ არ გააკეთა განაცხადი კანდიდატურაზე.
„დემოკრატია ის იქნებოდა, ვინმეს თეატრალური დადგმა დაედგა და საჩვენებლად ერთი კანდიდატის საბუთები შემოეტანა? მე როგორ გავცე სხვამ რატომ არ შემოიტანა საბუთები? ეს რომ ყოფილიყო დადგმული სპექტაკლი, რამენაირად მოვახერხებდი, რომ უნივერსიტეტში ვინმე ჩემ მეგობარს ვთხოვდი - „მოდი რა, შენც შემოიტანე საბუთი“ და ამით გარკვეულწილად დემოკრატიას ვითამაშებდი, მაგრამ არ ყოფილა ასე. მე ჩემი საბუთები შემოვიტანე და სხვამ თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მეტსაც ვფიქრობ, ასე საკითხის მიდგომა უკვე არის დარღვევა დემოკრატიული ფასეულობისა, რადგან ყველას აქვს თავისი ნება. ადამიანს დააძალო, არიქა, დემოკრატიულობა ითამაშეთ და საბუთები შეიტანეთ, არ არ არის სამართლიანი“, - განაცხადა სამუშიამ.
როგორც თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, ის აქტიური პოლიტიკიდან 6 წლის წინ წავიდა და ამ ხნის განმავლობაში მას ერთი პოლიტიკური განცხადებაც არ გაუკეთებია.
„6 წელია, რაც პოლიტიკიდან წამოსული ვარ და ვერ ნახავთ ჩემ ვერცერთ პოლიტიკურ განცხადებას. ყველას აქვს პოლიტიკური გემოვნება და ეს არ ნიშნავს, რომ ხარ აქტიური პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული. 6 წლის წინ ვთქვი, რომ პოლიტიკიდან მივდივარ, წავედი მეცნიერებაში ვხელმძღვანელობდი რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივი იყო.
უნივერსიტეტი არ არის ის ადგილი, სადაც პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს და იყოს დომინანტი. ეს არის სასწავლო სივრცე და აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პარტიას მინდა ვთხოვო, რომ თავი შეიკავონ იმისგან, რომ უნივერსიტეტებში პოლიტიზირება მოახდინონ. უნივერსიტეტები არის ის დაწესებულებები, სადაც სტუდენტები, ჩვენი მომავალი თაობა იღებს განათლებას. ყველას აქვს თავისი პოლიტიკური გემოვნება, მაგრამ ის, რომ ვინმემ აუდიტორია გამოიყენოს საშუალებად იმისა, რომ იქ თავისი პოლიტიკური ფილოსოფია გაავრცელოს, მე არ მიმაჩნია სამართლიანად“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მან ასევე ისაუბრა ე.წ. „ოდეერის“ შესახებ, რომლის არსებობაზეც საუნივერსიტეტო სივრცეში წლების განმავლობაში არაერთი ადამიანი საუბრობდა.
„ოდეერი“ იყო საბჭოთა პერიოდში. მათ ჩემთან შეხება ჯერ არ ჰქონიათ და არანაირი მსგავსი თემა ჩემთან მიმართებით არ ყოფილა და არც იქნება. ვის დროსაც იყო არ ვიცი, ახლა კი გიდასტურებთ, თუ გინდათ ხატზე დავიფიცები, რომ მსგავს საკითხს, ინსტიტუციას და ადამიანს არ ვიცნობ, თუმცა ჩემი სტუდენტობის პერიოდში ვიღაცებზე ამბობდნენ ამას“, - განაცხადა სამუშიამ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.