პრეზიდენტი შსს-ს: ბარემ თქვით, ყველას დაგიჭერთო
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიციის პოზიცია მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევაა.
“ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო … ესეც კონსტიტუციის კიდევ ერთი და მთავარი პრინციპის, მანიფესტაციის და შეკრების უფლების – დარღვევა! რა მნიშვნელობა აქვს კანონით ზღუდავენ ამ უფლებას, თუ დადგენილებით! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია!,” – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
დღეს, 21:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების აქცია დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ და ღამით დარჩებიან. 25 ნოემბერს, 09:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან გაიმართება აქცია “დაიბრუნე ხმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. სამინისტრო აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.
როგორც ცნობილია, 25 ნოემბერს “ქართული ოცნება” გეგმავს პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებასა და საკუთარი უფლებამოსილების ცნობას. პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა.
არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და 34-მა დეპუტატმა. კონსტიტუციონალისტების განცხადებით, სანამ სასამართლო სარჩელს არ განიხილავს, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.