Jump to content
Planeta.Ge

დიმიტრი გვრიტიშვილი - ე.წ. „კლანურობის“ თემა არანაირი მტკიცებულებითა და ფაქტებით არ დასტურდება - ჩვენ მზად ვართ რეფორმისთვის, მაგრამ არა „კუდიანებზე ნადირობისთვის“


ჩემი კოლეგების მხარდაჭერა მოწმობს ჩემი კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერებაზე, რომ განვახორციელო ამ მაღალი სტატუსის ფუნქციები. ის ბრალდებები, რომლებიც ისმის ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ, არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გვრიტიშვილმა აღნიშნა, არც ის და არც მისი კოლეგები სასამართლო რეფორმების მოწინააღმდეგე არ არიან და პირიქით, მათ ესმით, რომ „რეფორმა უნდა იყოს განგრძობადი ხასიათის“.

„მადლობა კოლეგებს, რომ ხელახლა ნდობა გამომიცხადეს და მომცეს შესაძლებლობა და ამასთანავე უდიდესი პასუხისმგებლობა, რათა ვიყო საბჭოს წევრი და დავიცვა სასამართლო ხელისუფლების ინტერესები, როგორც ამას მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ვაკეთებდი.

მოგეხსენებათ, რომ ყველა სამუშაო ჯგუფში, რომელიც შეეხება სასამართლო სისტემის მიმართ გასატარებელ რეფორმებს, იქნება ეს საკანონმდებლო თუ სხვა სახის, ყველა სამუშაო ჯგუფის წევრი ვიყავი. ახლა უკვე საბჭოს მოქმედი წევრის მანდატით აქტიურად ჩავერთვები ამ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში და ჩემს გამოცდილებას და ცოდნას მოვახმარ იმას, რომ ჩვენი სასამართლო იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩამოყალიბებული და იფუნქციონიროს ისე, რომ ხელი შეუწყოს დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფო განმტკიცებას.

ალბათ ჩემი კოლეგების მხარდაჭერა მოწმობს ჩემი კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერებას იმისთვის, რომ განვახორციელო ამ მაღალი სტატუსის ფუნქციები. რაც შეეხება ლევან მურუსიძეს, ის არის ჩემზე მეტი გამოცდილების და კვალიფიკაციის მოსამართლე. ის ბრალდებები, რომლებიც ისმის როგორც მისი, ისე ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ, არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ეს ე.წ. „კლანურობის“ თემა არანაირი მტკიცებულებით და ფაქტებით არ დასტურდება, უბრალოდ გარკვეულ ძალებს, იქნებიან ეს პოლიტიკოსები თუ არასამთავრობო სექტორი, აწყობთ სასამართლოს თემით მანიპულირება, რათა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი განახორციელონ. იმისთვის, რომ მოსამართლის მიმართ მსგავსი ბრალდებები გააჟღერო, აუცილებელია მყარი მტკიცებულებები და კონკრეტული ფაქტების მითითება, რასაც უკვე წლებია ამ ცილისმწამებლური კამპანიის ფარგლებში ჩვენ ვერ ვხედავთ. ამიტომაც, ამით არის განპირობებული ჩვენი კოლეგების ასეთი ერთსულოვანი მხარდაჭერა ლევან მურუსიძის და ჩემი კანდიდატურის მიმართაც“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

მისივე თქმით, ის მზად არის საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებთან თანამშრომლობისთვის.

„მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თუ სხვა სუბიექტებთან, რომელიც დაინტერესებულია სასამართლო ხელისუფლებით. ყველა სამუშაო ჯგუფში ჩართული ვარ - როგორც წევრი, ასევე ჩემი საკანონმდებლო ინიციატივები წარმიდგენია და გაზიარებულიც ყოფილა ჩემი წინადადებები და კანონად ქცეულა. ყოველთვის მეც და ჩემი კოლეგებიც, რომ არანაირი რეფორმის მოწინააღმდეგე არ ვართ, პირიქით, გვესმის, რომ რეფორმა უნდა იყოს განგრძობადი ხასიათის, რადგან საზოგადოების მოთხოვნები საკმაოდ დინამიურია და სასამართლო ხელისუფლებამ მას ფეხი აუწყოს. ყყველა შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ რეფორმისთვის, მაგრამ არა ე.წ. „კუდიანებზე ნადირობისთვის“ და თითიდან გამოწოვილ ბრალდებებზე პასუხზე დროის დახარჯვისთვის. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დრო და ჩვენი რესურსი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს სათანადო დონეზე და მართლმსაჯულება საქართველოში იყოს საერთაშორისო სტანდარტების დონეზე“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...