Jump to content
Planeta.Ge

უნივერსიტეტში პოლიციის ადგილი არაა – თსუ-ის სოცპოლის ფაკულტეტის დეკანი


თსუ-ს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, სალომე დუნდუა ამბობს, რომ არ შეიძლება უნივერსიტეტის ტერიტორიის გამოყენება პოლიციის მიზნების შესასრულებლად.

დუნდუას განცხადებით, ტერიტორიაზე პოლიციის დაშვება უნივერსიტეტის მისიასა და ღირებულებებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და მის რეპუტაციას ლახავს.

„რამდენიმე დღეა საქართველოში არყოფნის გამო (ინტერნეტთან წვდომაც საკმაოდ შეზღუდული მაქვს) კარგად ვერ ვადევნებ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს. თუმცა ძალიან კარგად ვიცი ერთი რამ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო, არის და უნდა დარჩეს ცოდნის, განათლების, სამეცნიერო/კვლევითი გამოცდილებისა და ეროვნული ღირებულებების გადამცემ ინსტიტუციად. ის, რაც მოხდა – სწორედ უნივერსიტეტის ამ მისიასა და ღირებულებებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და მის რეპუტაციას ლახავს. არ შეიძლება უნივერსიტეტის ტერიტორიის გამოყენება პოლიციის მიზნების შესასრულებლად (თუ რა თქმა უნდა საქმე ტერორისტული საქმიანობის აღკვეთას არ ეხება). მით უფრო, როდესაც უნივერსიტეტისთვის წინასწარ არ იყო ცნობილი 19 ნოემბერს დაგეგმილი საპოლიციო ღონისძიების შესახებ. უნივერსიტეტში სტუდენტები, პროფესორ -მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები დადიან, სწავლობენ, ასწავლიან, იკვლევენ და საქმიანობენ და არა ტერორისტები. აქ, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა და ღირებულებებისა, ყველა თანასწორია.
უნივერსიტეტში პოლიციის ადგილი არაა!“, – წერს იგი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი რექტორის გადადგომას ითხოვს. ისინი ჯაბა სამუშიასგან ითხოვენ განმარტებას, როგორ მოხვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები უნივერსიტეტის ეზოში. როგორც სამუშიასგან, ისე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსგან განმარტებას ელიან ლექტორებიც.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...