Jump to content
Planeta.Ge

საია: მედიისთვის ხელის შეშლა არღვევს ევროპულ კონვენციას და საქ-ოს სისხლის სამართლის კოდექსს


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” თბილისში საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობის, მუშაობაში ხელის შეშლის და ტექნიკის დაზიანების ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები აკრძალულია როგორც საერთაშორისო სტანდარტით, ისე არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.

დღეს, 19 ნოემბრის დილას, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა იძალადეს ჟურნალისტებზე: დაარტყეს „პულიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს, სცემეს „მთავარი არხის” ოპერატორ სერგი ბარამიძეს, მას დაუმტვრიეს კამერა, შემდეგ დააკავეს.

საია აცხადებს, რომ „ქმედებები, რომლებსაც ხელი ეშლებათ ჟურნალისტებს თავიანთი სამუშაოს შესრულებაში, არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას”.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, დაუშვებელია ჟურნალისტის და მედიის სხვა წარმომადგენლების აღჭურვილობის, მათ შორის, გადაღებული კადრების მიზანმიმართულად ჩამორთმევა ან/და დაზიანება.

„მსგავსი ტიპის ქმედებები საერთაშორისო სტანდარტებით აკრძალულ პრაქტიკაა და შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ცენზურა. საერთაშორისო სტანდარტების მსგავსად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა, მათ შორის ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დასჯად ქმედებასაც.

ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის შემთხვევაში, აუცილებელია, სახელმწიფომ უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა დასჯა გამჭვირვალე და სწრაფი პროცედურებით. სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ძალისხმევის გამოჩენა, მათ შორის, გამოძიების გაჭიანურება და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიუცემლობა აღვივებს დაუსჯელობის სინდრომს, ახალისებს ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართ ძალადობას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას”. – აცხადებს საია და საზოგადოებას ახსენებს რუსულ კანონს, რომლის ინიციირების შემდეგაც მედიაგარემო, მედიის წარმომადგენლების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დაწყებული ტენდენცია გაუარესდა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა და არაეფექტიანი გამოძიება, ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევებს”. – აღნიშნავს ორგანიზაცია და მოუწოდებს:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – შეწყვიტოს  აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენების და მათი უკანონო დაკავების პრაქტიკა, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები.  აქციაზე მყოფ მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალოს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. დროულად გაასაჯაროოს დაკავებულ პირთა რაოდენობის და ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია;
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – დროულად გამოიძიოს მედიის წარმომადგენელების და დემონსტრანტების დაკავებისა და მათზე სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტები. ასევე, გატარებული ღონისძიებების შესახებ უზრუნველყოს საზოგადოების დროული ინფორმირება.

საია აგრძელებს აქციაზე მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს, მათ შორის სწავლობს აქტივისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევებს.  ასევე, ამოქმედებულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ცხელი ხაზი – 577 070563. ჩვენი ადვოკატები უწყვეტ რეჟიმში მზად არიან დახმარება გაუწიონ აქციაზე დაკავებულ და დაზარალებულ პირებს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...