თეონა აქუბარდია - ბეწვზე ჰკიდია ივანიშვილის ძალაუფლება - ივანიშვილი დგას შიშზე და ჩვენ ამ შიშს უნდა დავუპირისპიროთ წინააღმდეგობა
ბეწვზე ჰკიდია ივანიშვილის ძალაუფლება - ივანიშვილი დგას შიშზე და ჩვენ ამ შიშს უნდა დავუპირისპიროთ წინააღმდეგობა, რომელიც, საბოლოო ჯამში, გადატეხს იმ ძალას, რომელიც მას დღეს ხელში აქვს. ამის გაკეთება შეგვიძლია მწყობრად, მშვიდობიანად! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიან პროტესტს უხეში პოლიციური ძალა დაუპირისპირა.
„ყველამ ძალიან კარგად ნახა მშვიდობიან პროტესტს როგორ დაუპირისპირა უხეში პოლიციური ძალა, არაერთი კანონდარღვევით შეშინებულმა, უხეირო დიქტატორმა, რომელიც აბსოლუტურად ამართლებს იმ სახელს, რომელიც მას დასავლეთმა შეარქვა. რომ არა შიში, აბსოლუტურად მშვიდობიანად ემორჩილებოდნენ პოლიციის ბრძანებას მომიტინგეები. ჩვენ ვნახეთ უხეში საპოლიციო ძალის გამოყენება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ბეწვზე ჰკიდია ივანიშვილის ძალაუფლება. მან იცის, რომ მისი ძალაუფლება მყიფეა და ამ მეთოდებით ფიქრობს შენარჩუნებას. ეს დამოკიდებულია ჩვენზე, ყველაზე, თითოეულ მოქალაქეზე, რამდენად გაუვა. ჩვენ ვამბობთ, რომ ივანიშვილი კონსტიტუციური სივრციდან გავიდა, ის დაუპირისპირდა საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას, იქნება ეს დემოკრატია, არჩევანის თავისუფლება თუ ქვეყნის ევროპული კურსი, რომელიც კონსტიტუციაში ჩაწერა, მაგრამ მის საწინააღმდეგოდ ყველაფერი გააკეთა და შეჩერებული ევროპული მომავალიც ამის დასტურია. შესაბამისად, მოცემულობა გვაქვს იმგვარი, რომ დასავლეთი ამ სისტემურად გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით აგზავნის ტექნიკურ მისიას, არჩევნების შეფასებაც არის ადეკვატური და ქართველ ხალხს არ აქვს ნდობა იმ სისტემურად გაყალბებული არჩევნების, რომელიც ივანიშვილმა ჩაატარა. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, ქართველ ხალხზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავაბრუნოთ კონსტიტუციურ სივრცეში, საიდანაც ივანიშვილმა გაიყვანა რუსული კანონის მიღებიდან დღემდე. ივანიშვილს რა უჭირავს ხელში? ერთადერთი არის შიშის შექმნის შესაძლებლობა, იქნება ეს ომის შიშით, პოლიციის გამოყენების შიში... ივანიშვილი დგას შიშზე და ჩვენ ამ შიშს უნდა დავუპირისპიროთ ის წინააღმდეგობა, რომელიც, საბოლოო ჯამში, გადატეხს იმ ძალას, რომელიც ივანიშვილს დღეს ხელში აქვს. ამის გაკეთება შეგვიძლია მწყობრად, მშვიდობიანად!“- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ამასთან, სხვადასხვა პოლიტიკური კოალიციების ლიდერები აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ სამართალდამცავებისგან მაქსიმალური დისტანცია დაიკავონ, მათ შორის მაშინაც, თუ ისინი წყლის ჭავლის მანქანებს გამოიყენებენ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.