Jump to content
Planeta.Ge

მენაბდე: სანამ დავა საკონსტიტუციოშია, მანამდე პარლამენტი ვერ შეიკრიბება


19 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას შორისაა არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ დავის განხილვა.

კანონის მიხედვით, ჩატარებული არჩევნების ან მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობის შესახებ საკითხის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან.

ამგვარი კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს:

ა) ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი და არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას;

ბ) ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის შედეგების მთლიანად ან ნაწილობრივ (ცალკეული საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების მიხედვით) ბათილად ცნობას, თუ არაკონსტიტუციურად ცნობილმა ნორმატიულმა აქტმა ან მისმა ნაწილმა არსებითი და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე და არაკონსტიტუციური აქტის ან მისი ნაწილის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა არსებულისაგან განსხვავებული შედეგი.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე წერს, რომ სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის მანამდე პარლამენტი ვერ შეიკრიბება.

მისი თქმით, სარჩელის საფუძველი შეიძლება გახდეს ის, რომ ჩატარებული არჩევნები კონსტიტუციით დაცული საარჩევნო უფლების პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამ პრინციპებს შორისაა ხმის ფარულობა და ნების თავისუფალი გამოვლენა.

მენაბდეს განმარტებით, სარჩელით პრეზიდენტს შეუძლია, მოითხოვოს ჩატარებული არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების ძალადაკარგულად ცნობა და შედეგების ელექტრონული ნაწილის ბათილად ცნობა.

როგორც ის წერს, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა შეაფერხებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას.

მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე იქმნება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ცესკოს მიერ გადაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე მოხსენებას წარუდგენს პარლამენტს, რაზე დაყრდნობითაც დგება იმ დეპუტატების სია, რომელთა უფლებამოსილებაც უნდა ცნოს უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ.

მენადბეს თქმით, სიაში არ შეიტანება ის, ვისი დეპუტატად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო ან საერთო სასამართლოში.

იმისთვის, რომ პარლამენტი უფლებამოსილად იქნეს ცნობილი, კენჭი უნდა ეყაროს სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილებას. თუ უფლებამოსილებაცნობილ დეპუტატთა რაოდენობა 100-ზე ნაკლებია, პლენარული სხდომა წყდება და ხელახლა მოიწვევა მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდება ამ რიცხვის შევსება.

პარლამენტი, სავარაუდოდ, 25 ნოემბერს შეიკრიბება.

ვახუშტი მენაბდე წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

„სარჩელი რომც არ დაკმაყოფილდეს, პროცესმა დაახლოებით ერთი თვე შეიძლება მოიგოს, რადგან პარლამენტის შეკრების დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში წამოწყებული დავა, სავარაუდოდ, დასრულებული არ იქნება. პარლამენტის შეკრებისას სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ერთი კვირა იქნება გასული. ერთ კვირაში კი სასამართლო ვერ შეძლებს სარჩელის საქმის ჯერ დასაშვებობის, შემდეგ კი არსებითი განხილვასა და გადაწყვეტას. ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

სანამ საქმე საკონსტიტუციოში იქნება, პარლამენტი ვერ ცნობს საკუთარ უფლებამოსილებას. რეგლამენტის მიხედვით მას არავითარი დისკრეცია არ აქვს. უმაღლესი საკანონმდელო ორგანოს არ შეუძლია ცნოს იმ დეპუტატების უფლებამოსილება, ვისი არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, ხოლო თუ მათი რაოდენობა 51-ზე მეტია, საკანონმდებლო ორგანო სრულ უფლებამოსილებას ვერ იძენს. ზემოთ აღწერილი სარჩელის შემთხვევაში კი 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერებაა გასაჩივრებული“, – წერს ვახუშტი მენაბდე.

საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ამ საქმეზე ორგანიზაცია სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარადგენს.

„რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა, ამ ფორმით შევეცდებით ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვას“, – წერს ქურდოვანიძე.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...