Jump to content
Planeta.Ge

გერმანია: უნდა გადაფასდეს EU-ის ურთიერთობა საქართველოსთან


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან. მათ შორის, გერმანიის თანახმად, უნდა გადაფასდეს ევროკავშირის მხარდამჭერი ზომები საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის კონტექსტში.

ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.

„რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, როგორ აქცევს ზურგს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს დარღვევები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა საჩივრისა და ბრალდების სრული და გამჭვირვალე გამოძიებისკენ. ასევე უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან, მათ შორის ევროკავშირის მხარდაჭერის ღონისძიებები საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის კონტექსტში“, — ნათქვამია განცხადებაში.

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო შეიკრიბა. სხდომის დღის წესრიგშია რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, საქართველო, აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთობები, სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში და აფრიკის რქის ქვეყნებში. ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და ევროკომისია საქართველოსთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას რეკომენდაციას არ უწევს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ წინადადებას დააყენებს, საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი 100 მილიონი ევროს დახმარება სამოქალაქო საზოგადოებაზე გადამისამართდეს.

ამ თემაზე:

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...