Jump to content
Planeta.Ge

“ხალხის მხარდასაჭერად სოხუმში ჩამოვედი” – “პიატნაშკას” ლიდერი ახრა ავიძბა


უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეების მიერ დაფუძნებული ინტერნაციონალური დაჯგუფება “პიატნაშკას” ლიდერმა, ახრა ავიძბამ “Газета.Ru-თან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ის სოხუმში “ხალხის მხარდასაჭერად” და მათთვის “საფრთხეების თავიდან ასარიდებლად” ჩამოვიდა.

ახრა ავიძბა აფხაზეთში ავტორიტეტით სარგებლობს. სწორედ მისი დამსახურებით ასლან ბჟანიამ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა – სხვადასხვა საკითხზე გამართულ საპროტესტო აქციებს აფხაზეთში 2019 წელს სწორედ ახრა ავიძბა  ხელმძღვანელობდა.

“ხალხის მხარდასაჭერად მოვედი, რადგან ყოველთვის გვასწავლიდნენ – სადაც სამზე მეტი აფხაზია, ყოველთვის ადექი და იკითხე რა და როგორო. ამიტომ, მოვედი, რომ ჩემს ეთნიკურ ჯგუფთან დავდგე და საფრთხეები თავიდან ავარიდო,” – თქვა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, აფხაზეთის [დე ფაქტო] პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ გეგმავს.

“მე არ ვაპირებ თანამდებობაზე კენჭისყრას, რადგან არ მიმიღია ხალხისგან ისეთი დავალება, რომ ვყოფილიყავი მათი წარმომადგენელი ამ რანგში,” – აღნიშნა ავიძბამ.


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სოფელ ტამიშში საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არის, დატოვოს გადადგეს იმის შემდეგ, როდესაც პროტესტის მონაწილეები სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსს დატოვებენ. გარდა ამისა, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მზად არის, შემდგომს არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა კვლავ წარადგინოს.

“აფხაზეთის კანონიერად არჩეული პრეზიდენტი იმყოფება აფხაზეთის ტერიტორიაზე. 2014 წლის სცენარი არ განმეორდება. პარლამენტის წევრებზე არის უზარმაზარი ზეწოლა, რომ პარლამენტმა მიიღოს უკანონო გადაწყვეტილება პრეზიდენტის გადადგომის შესახებ. პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება არ მიიღება. მეორეც, რომც იყოს მიღებული, არ განხორციელდება.

არ მინდა, შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ მე ძალაუფლების შენარჩუნება მსურს. არა, მე მინდა ვთქვა შემდეგი: თუ სიტუაცია კონსტიტუციურ ჩარჩოში არ მოექცა, ჩვენი სახელმწიფო ამას ვერ გაუძლებს, ამიტომ, ვინც სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას ცდილობს, მათ უნდა დატოვონ სამთავრობო შენობების კომპლექსი, რის შემდეგაც მზად ვარ დავნიშნო არჩევნები და გადავდგე. ვიცე პრეზიდენტი დაიწყებს ქვეყნის მართვას. მე კი მზად ვარ მივიდე არჩევნებზე და შემდგომ უკვე ხალხმა თქვას, ვის დაუჭერენ მხარს. დაე, სიმართლე იყოს ხალხის ნების შედეგი. სხვაზე არაფერზეა საუბარი. გმადლობთ ყურადღებისთვის,” – განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

ამასთან, იქამდე, 15 ნოემბრის პროტესტის ფონზე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ დე ფაქტო ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებდა.”პრეზიდენტი, პრემიერი, სამინისტროების და უწყებების ხელმძღვანელები ადგილზე რჩებიან და განაგრძობენ მუშაობას. გთხოვთ, არ წამოეგოთ პროვოკაციებზე. მე ვრჩები აფხაზეთში და ვიმუშავებ, როგორც ადრე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან“, – თქვა მან.მის გადადგომას წინ უძღოდა ოპოზიციის პროტესტები რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. კანონპროექტი უკვე უკან გაიწვიეს.პროტესტების დროს ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს „სახელმწიფო შენობები“, ასევე შეანგრიეს დე ფაქტო პარლამენტის ჭიშკარი. საპოლიციო ძალებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...