თეონა აქუბარდია - პატრიარქის სურვილი, რომ მშვიდობა იყოს, ყველა ვიზიარებთ - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იყოს მშვიდობა და დემოკრატია, არა ავტორიტარიზმი, რაც ივანიშვილმა დაამყარა
პატრიარქის სურვილი, რომ მშვიდობა იყოს, ყველა ვიზიარებთ. ამ ვითარებაში რთულად წარმოსადგენია მშვიდობა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველასთვის ცხადია, რომ ცესკომ დაწერა ის, რაც ივანიშვილმა უკარნახა კალანდარიშვილს.
„რაც შეეხება პატრიარქს, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქს აქვს მნიშვნელოვანი როლი, ადგილი და პატივისცემა ჩვენი ქვეყნის სულიერების კუთხით, რა თქმა უნდა, არსებობს კონკორდატი, რაც ნიშნავს, რომ ეკლესია არ ერევა საერო საქმეებში. პატრიარქის სურვილი, რომ მშვიდობა იყოს, ყველა ვიზიარებთ. ამ ვითარებაში, რთულად წარმოსადგენია მშვიდობა, როდესაც ხდება ძალადობა, ახალგაზრდების წინააღმდეგ პოლიციის ძალის გამოყენება, პროტესტის უფლებაში ჩარევა, არჩევნების თავისუფლება მიტაცებული აქვს ივანიშვილს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდობა იყოს და დემოკრატია, არა ავტორიტარიზმი, რაც ივანიშვილმა დაამყარა“,- აღნიშნა აქუბარდიამ.
ამასთან, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განმარტა, რომ ლეგიტიმაციას არ შეუქმნიან გაყალბებულ არჩევნებს.
„ივანიშვილი არ ვფიქრობ, რომ პარლამენტში იქნება, მიუხედავად იმისა, რომ სიის პირველი ნომერია. იქნება 89 ოცნების დეპუტატი არალეგიტიმური არჩევნების შედეგად არჩეული. ის რომ, ლეგიტიმაციას არ შევუქმნით გაყალბებულ არჩევნებს, ეს არის ფაქტი“, - აღნიშნა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები შეჯამების ფაქტს გამოეხმაურა.
ილია მეორე გამოთქვამს იმედს, რომ „ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის“.
„დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას“, - აღნიშნა პატრიარქმა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.