Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტი: მინდა დავგმო, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით


საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.

„მინდა, ახლა შევეხმიანო იმ მოვლენებს, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში და რუსულ პოლიტიკას. მინდა დავგმო, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როცა ითხოვს საქართველოსგან, რომ დათანხმდეს დელიმიტაციაზე, რაც არის წარმოუდგენელი და რაც პრინციპში უგულებელყოფს მთელ ლოგიკას საქართველოს მთავრობისა, რომ ვითომც და დათმობებით შეიძლება, რუსეთს შეაცვლევინო მისი პოლიტიკა. შეაცვლევინო კი არა, ააჩქარებ ამითი და ეს ჩანს ყოველდღიურად. და ის, რაც ხდება თვით ოკუპირებულ აფხაზეთში, იქაც მცდელობაა, რუსული კანონი გაატარონ, რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა და მინდა, მათ სოლიდარობა გამოვუცხადო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


დღეს, 15 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. მთავრობა „საინვესტიციო შეთანხმების” რატიფიცირებას გეგმავდა. საკითხის დღის წესრიგში შეტანას დეპუტატების საკმარისმა რაოდენობამ მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად, სესია არ შედგა. სიტუაცია დაიძაბა გარე ტერიტორიაზეც, სადაც მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტის ღობე მოანგრიეს და რამდენიმე საათის შემდეგ შენობაც დაიკავეს.

როგორც Ekho Kavkaza წერს, ასლან ბჟანიას პრესსამსახური იუწყება, რომ მისი ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს „საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების შესახებ” პროექტის უკან გაწვევის შესახებ.

მანამდე გავრცელდა ე.წ. ოპოზიციის განცხადება, რომლებიც ამბობენ, რომ „მომიტინგეთა ქმედება არ არის მიმართული რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ“.

„პირიქით, ჩვენ, როგორც ოპოზიცია, ყოველთვის ვუსვამდით ხაზს ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური და სტრატეგიული კავშირების მნიშვნელობას. თუმცა ასლან ბჟანია, მთელი მმართველობის დროს, ამ ურთიერთობების გამოყენებას საკუთარი ანგარებიანი ინტერესებისთვის ცდილობდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...