Jump to content
Planeta.Ge

გამოდის, საგარეო სამინისტრო არ გვყავს – გახარია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე


პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ანექსიური პროცესები ოკუპირებულ აფხაზეთში კი არ აჩქარდა, უარესად დამძიმდა.

გიორგი გახარია უმოქმედობის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს.

„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამის გამოხატულება იყო 5-6 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც 7 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ის, რაც ახლა ხდება და მოხდება 15-ში ოკუპირებულ აფხაზეთში, როცა კენჭი ეყრება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულებას.

სამწუხაროდ, გამოდის, რომ ჩვენ საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გვყავს, არ არსებობს, იმიტომ, რომ ეს ხალხი საერთოდ არანაირ განმარტებას არ აკეთებს, რა ხდება ანექსიური პროცესების თვალსაზრისით ოკუპირებულ აფხაზეთში, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მთელი საქართველოს მოქალაქეებს და ყველა პოლიტიკურ ძალას, ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც დღეს ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ქართულმა ოცნებამ“ სამართლებრივი და მორალური ბაზისი შეუქმნა იმას, რასაც რუსეთის ფედერაცია დღეს აკეთებს.

„პირველი, ეს იყო ბოდიში, რომელიც პირდაპირ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ განცხადებაში გამოყენებულია, როგორც საბაბი დასადასტურებლად, რომ ომი დაიწყო საქართველომ. შემდგომ, პრემიერის მიერ დაბრალება ჩვენი ქვეყნისთვის ომის დაწყების და დაპირება, რომ ისინი გაასამართლებენ ომის დამნაშავეებს. ამის შემდგომ ყველასთვის ნათელი იყო კამპანია, რომ ახალი მეორე ფრონტის გახსნას თურმე დასავლელი პარტნიორები გვთხოვენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ოკუპირებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს გავლით და, რაც მთავარია, ამ ყველაფერს, საბოლოო ჯამში, რუსეთის ფედერაცია მიჰყავს იმ დასკვნამდე, რომ მეგობრებო, თქვენ თუ არ გაქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, 78-ე მუხლი, რომელიც გაქვთ კონსტიტუციაში და ფაქტობრივად თქვენით აღიარებთ, რომ ომი დაიწყეთ თქვენ, თქვენი ხელისუფლება იყო, რომელმაც უნდა მოიხადოს ბოდიში, თქვენ დღეს გაძალებენ მეორე ფრონტის გახსნას. ის, რასაც “ოცნება” ყოველთვის ამბობდა, რომ ქვეყანაში არსებობენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც იღვწიან თურმე საქართველოში ომის დასაწყებად“, – აცხადებს გახარია.

გიორგი გახარიას თქმით, ამ ყველაფრის შედეგად დღეს ოფიციალური რუსეთის ფედერაცია ითხოვს საქართველოსგან დელიმიტაციის დაწყებას ოკუპირებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს საზღვრების და ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პროცესის დაწყება, თავი რომ დავანებოთ იმ ანექსიური პროცესების უმძიმეს სახეს, რომელიც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება.

„ოცნებამ“, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გვპირდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა, უზარმაზარი რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ხელი შეუწყო იმას, რასაც რუსეთის ფედერაცია დღეს იყენებს იმ ნაბიჯების გასამართლებლად, რასაც ოკუპირებულ აფხაზეთში იყენებენ“, – აცხადებს გიორგი გახარია.

გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს არანაირი რესურსი არ გააჩნია იმისთვის, რომ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით რაიმე შეთანხმებას ან პროგრესს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მიაღწიოს რუსეთთან. მისი თქმით, ერთადერთი, რაც „ოცნებას“ და ივანიშვილს გააჩნიათ, არის,
რაც შეიძლება მეტი ფული აკეთონ და რუსული შავი ფული აქ იშოვონ.

„რა თქმა უნდა, ეს არის მათი მთავარი მიზანი და რუსეთის ფედერაციისთვის, მერწმუნეთ, კორუმპირებული, სუსტი და არალეგიტიმური ხელისუფლება არის საჩუქარი და ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს , რომ ის პროცესები, რომლებიც უკვე დაიწყო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში, როცა ფაქტობრივი ანექსია ისეთი ტემპით და ისეთი მძიმე ფორმებით მიდის, რომ აშკარაა, ეს ადამიანები ელოდებოდნენ არჩევნების დასრულებას, აშკარაა, რომ ისინი არიან უზომოდ უკმაყოფილოები, რომ “ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღო.

ჩვენ როცა ვეკითხებოდით, ბოდიშის შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობას რისთვის ითხოვდა ივანიშვილი – აგვიხსენი, რისთვის გჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხომ არ აპირებ სახელმწიფო მოწყობის რაიმე სახით ცვლილებას, ამაზე პასუხი დღეს ფაქტობრივად გაეცემა იმ ნაბიჯებით, რომელსაც ოფიციალურად გადადგამს რუსეთის ფედერაცია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


5-6 ნოემბერს ჟენევაში მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ გაიმართა.

ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებებს ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი და სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ემიგრაციაში მყოფი დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენს.”

რუსეთის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი ხელმძღვანელობდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა თბილისიდან მომავალი შერიგების სიგნალების პრაქტიკაში თარგმნას და კონკრეტულ ნაბიჯებით განვითარებას, მათ შორის, პირველ რიგში, საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღებას, ასევე ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას მათი შემდგომი დემარკაციის გზით“.

რუსეთის დეპარტამენტის ცნობით, მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა კვლავ “წამოჭრეს საკითხი დისკუსიების ჟენევიდან სხვა ადგილას გადატანის შესახებ, რომელიც ყველა მონაწილისთვის მისაღები იქნება, და მოითხოვეს ამ თემის არსებითი განხილვა. მანამდე გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ არ სურთ ჟენევის დისკუსიების სხვა ქვეყანაში გადატანა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის საგანი კიდევ ერთხელ იყო ქალაქ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის განახლება.

გარდა ამისა, დე ფაქტო უწყების განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში “აქცენტი გაკეთდა აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ეროვნული პასპორტებით გადაადგილების თავისუფლებაზე.”

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 2025 წლის მარტში განახლდება.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, როგორც წესი, თანათავმჯდომარეები, მოსამზადებელ შეხვედრებს ატარებენ თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...