Jump to content
Planeta.Ge

ცესკოსთან ქალების აქცია იმართება - შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული


ცესკოს შენობასთან ქალების აქცია მიდინარეობს – ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული, სამართალდამცველები დგანან შენობის შესასვლელთანაც.

როგორც იქ შეკრებილები აცხადებენ, პოლიციამ ძალის გამოყენებით შესასვლელი გადაკეტა და აქციის მონაწილეებს გარკვეული დროის განმავლობაში ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა.

„მოხდა ისე, რომ აღმოვჩნდით სრულ იზოლაციაში, ჩაგვკეტეს, აქციის მონაწილეების ნაწილი დარჩა ღობის მიღმა, ჟურნალისტებიც ვერ ახერხებენ შემოსვლას. ჩვენი მონაწილეები იდგნენ კარში, რის შემდეგაც პოლიცია მოვიდა, იძალადა და ჟურნალისტების, აქციის მონაწილეების ნაწილი დატოვა გარეთ.

მიზანი იყო, რომ დაგვეწერა განცხადებები ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით, მაგრამ მოხდა ისე, რომ მონაწილეების დიდი ნაწილი დარჩენილია გარეთ და უსაფრთხოების მიზნით ამართლებენ ამ სპეცოპერაციის გაგრძელებას“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, ანა გოგოლაძემ.

აქციის მონაწილეებს სურთ, ცესკოში ფარულობის დარღვევების შესახებ განცხადებები შეიტანონ.

„როგორც აღმოჩნდა, ბიულეტენზე, რომელიც ამობრუნებული ფორმით უნდა მომეთავსებინა საარჩევნო ყუთზე მოთავსებულ ელექტრონულ აპარატში, ჩანდა სპეციალური მარკერის გამონაჟღენთი შავი კვალი. შესაბამისად, იქ მყოფ პირებს, კომისიის წევრებს, დამკვირვებლებს და აგრეთვე „ქართული ოცნების“ მიერ დამონტაჟებული კამარების გამოყენებით ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო იმის დანახვა, თუ ვის მივეცი ან ვის არ მივეცი ხმა. ამ პირებმა იციან, რომ ხმა არ მიმიცია სუბიექტების ჩამონათვალის ბოლოში მყოფი სუბიექტისთვის, კერძოდ – მმართველი პარტიისთვის.

საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის, მე-7 ქვე-პუნქტით განისაზღვრა პარლამენტის არჩევის წესი, რომელსაც არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონი „საარჩევნო კოდექსი“. „საარჩევნო კოდექსის“ მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, ფარულობა არჩევნების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია, მისი დარღვევა კი ჩემი, როგორც მოქალაქის საარჩევნო ხმის კონსტიტუციურ უფლებას ლახავს. ვინაიდან კონსტიტუციითა და საქართველოს ორგანული კანონი „საარჩევნო კოდექსით“ გარანტირებული უფლება უხეშად დაირღვა, მოგმართავთ თხოვნით ბათილად ცნოთ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები”, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ცესკოში შეტანასაც აქციის მონაწილეები სათითაოდ, ინდივიდუალურად გეგმავენ.

რამდენიმე დღის წინ ანა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ახალი კამპანიის მოამზადებდა 2 განცხადებას. ერთი განცხადება იქნებოდა ემიგრანტებისთვის, რათა მათ მიმართონ ცესკოს და დაადასტურონ, რომ არ მიეცათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში.

მეორე განცხადება კი არის ის, რაც დღეს ქალებს ცესკოში შეაქვთ – „საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ცესკოს და განაცხადოს, რომ დაირღვა არჩევნების ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი – ხმის ფარულობა”.

დღეს, 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმის ფარულობაზე სარჩელებს განიხილავენ.

სარჩელები შეიტანეს კოალიციებმა „ძლიერი საქართველო“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობამ“; „ლელოს“ თორნიკე ართქმელაძე წარმოადგენს, „ერთიანობას“- თამარ კორძაია. ასევე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. მოპასუხე სამივე შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისიაა.

სამივე სარჩელით მოთხოვნილია საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმებისა და ამ შედეგების ბათილად ცნობა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...